Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაველ შერემეტი. In memoriam


კიევში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი პაველ შერემეტის ხსოვნას
კიევში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი პაველ შერემეტის ხსოვნას

ორი დღის წინ, დილის 7:45 საათზე, კიევში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, პაველ შერემეტი. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით შერემეტის ტრაგიკულ სიკვდილსა და ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებზე, ვიუწყებოდით, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო „მკვლელობაზე“ საუბრობს, რადგან აფეთქება ავტომანქანაზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით მოეწყო. შერემეტის არაერთი კოლეგის ვარაუდით, ჟურნალისტის ტრაგიკული სიკვდილი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ეს დღეს, ბუნებრივია, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ვიცით ის, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პაველ შერემეტს ბევრჯერ გაუკრიტიკებია მშობლიური ბელორუსიის, ისევე როგორც რუსეთისა და უკრაინის, პოლიტიკური ლიდერები. კოლეგები, მეგობრები მას იხსენებენ, როგორც მხიარულ, კეთილ, გულღია ადამიანს...

პაველ შერემეტი. In memoriam
please wait

No media source currently available

0:00 0:05:38 0:00
გადმოწერა

შერემეტი ბევრჯერ ყოფილი ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის სტუმარი და ამ პროგრამებიდან ჩვენმა კოლეგებმა შეარჩიეს რამდენიმე ციტატა, რომელიც ჩვენც გვინდა შემოგთავაზოთ, პაველ შერემეტის ხსოვნის პატივსაცემად.

რუსეთი კარგავს, ყოველ დღე კარგავს მეგობრულად განწყობილ მეზობელს და განხეთქილება სულ უფრო იზრდება. და მერე ათწლეულები დასჭირდება ნორმალური ურთიერთობის აღდგენას და აქ, მოსკოვში, აგრესიულ შავრაზმელებს ეს უნდა ესმოდეთ!..
პაველ შერემეტი

„ბელორუსიას, რუსეთისაგან განსხვავებით, მართავენ არა ჩეკისტები, არამედ ლუკაშენკოს ოჯახი. და იქ კადრებს არჩევენ არა კორპორაციის მიმართ ერთგულების პრინციპით, არამედ ხალხის შერჩევა ხდება ოჯახის, კონკრეტულად, ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი ერთგულების პრინციპით“.

„ლუკაშენკოს მთავარი ოცნება, ეს არის კრემლი! მთავარი ოცნებაა ბატონობა. მსოფლიო ბატონობა კი არა, დიდი იმპერიის გაძღოლა! რასაკვირველია, ლუკაშენკო იდიოტი არ არის და გამოეთხოვა ამ ოცნებას, მაგრამ წყენა, ქვეცნობიერში დარჩენილი, - ის ხომ ცივი გონებით მოფიქრებულ სქემაზე უფრო ძლიერია!“

„მერე (ლუკაშენკომ) დაიწყო მსჯელობა „რუსულ სამყაროზე“ და გაიხლართა ... ჩვენ ბელორუსები ვართ, მაგრამ რუსები ვართ, მაგრამ ცალკე ბინაში ცხოვრება გვსურს, მაგრამ ის რუსული სამყარო არ გვინდა, სხვა გვინდაო... მოკლედ, ვერ გავიგეთ! ჩვენ, ბელორუსები, რუსები ვართ? თუ მაინც ბელორუსები ვარ? თუ რაღაც განსაკუთრებული რუსები ვართ? იცით, მე ეთნიკურად ბელორუსი ვარ და როცა სუფრასთან ვიკრიბებით, ვსვამთ ხოლმე, როცა რუსი მეგობრები ვითომ მაბრაზებენ, მეხუმრებიან, რომ „ბულბაში“ ვარ (კარტოფილის მეტს არაფერს ვჭამ), რომ ყველა ბელორუსი გლეხია, მე წელში ვიმართები ხოლმე და ვეუბნები: შემომხედეთ! ჩვენ თეთრი რუსები ვართ, კიევის რუსეთის შთამომავლები, მონღოლ თათართა შემოსევას ჩვენამდე არ მოუღწევია, თათრები ჩვენს ბელორუსიის ჭაობებში დაიხრჩვნენ. ამიტომ ვარ ასეთი თეთრი, ლამაზი და მაღალი- თქვენ კი, კაცმა რომ გადაგფხიკოთ, თათარი შერჩება ხელში-მეთქი, ვეუბნები! ეს, რასაკვირველია, ხუმრობით! თუმცა ლუკაშენკოს თავში ამან, როგორც ჩანს, რაღაც იდეის ფორმა მიიღო“.

კიევში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი პაველ შერემეტის ხსოვნას
კიევში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი პაველ შერემეტის ხსოვნას

„მე მართლაც მადლიერი ვარ ძალიან ბევრი უკრაინელის იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ხედავენ განსხვავებას პუტინსა და რუსებს შორის, პუტინს, რუსეთსა და რუსებს შორის. არის პუტინის მიმართ სიძულვილი, არის სიძულვილი რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, მიმართ, მაგრამ არ არის ასეთივე სიძულვილი რუსეთის ხალხის მიმართ. მაგრამ დროთა განმავლობაში უკრაინელებს სულ უფრო გაუჭირდებათ ასეთი განსხვავებული მიდგომის შენარჩუნება, თუ მშვიდობა არ იქნება ... და ეს უნდა გვესმოდეს. რუსეთი კარგავს, ყოველ დღე კარგავს მეგობრულად განწყობილ მეზობელს და განხეთქილება სულ უფრო იზრდება. და მერე ათწლეულები დასჭირდება ნორმალური ურთიერთობის აღდგენას და აქ, მოსკოვში, აგრესიულ შავრაზმელებს ეს უნდა ესმოდეთ! მათ კიდევ შეუძლიათ კბენა, უკრაინისათვის რაღაც ნაწილის მოგლეჯა, შეუძლიათ მოგლიჯონ, დავუშვათ, დონბასი, ხარკოვის ოლქი და კიდევ რამე, გამოიწვიონ ათიათასობით ადამიანის სიკვდილი, მაგრამ უკრაინას უკვე ვეღარ დააჩოქებენ!“

22 ივლისს კიევში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი პაველ შერემეტის ხსოვნას. ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, პანაშვიდზე მისულების უმრავლესობა უკრაინელები იყვნენ. შერემეტს უკანასკნელი პატივი მიაგო პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც, თუმცა მგლოვიარეებს შორის იყვნენ რუსეთისა და შერემეტის მშობლიური ბელორუსიის წარმომადგენლებიც. შერემეტს ბელორუსიაში გადაასვენებენ და 23 ივლისს მინსკში დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG