Accessibility links

logo-print

დავიდ ალი სონბოლი მიუნხენში, "მაკდონალდსში" ცდილობდა მსხვერპლის შეტყუებას


გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ ვერ მიაგნო კვალს, რაც მიუნხენის ინციდენტის მონაწილის კავშირს დაამტკიცებდა ექსტრემისტულ გაერთიანებებთან. თუმცა, პოლიციამ, რომელმაც გაჩხრიკა მიუნხენელი, ირანული წარმშობის გერმანელის, 18 წლის მოსწავლის, როგორც დადგინდა, დავიდ ალი სონბოლის, ბინა, განაცხადა, რომ აშკარა კავშირია მიუნხენის თავდასხმასა და ნორვეგიაში ხუთი წლის წინ მომხდარი მასობრივი მკვლელობის მომწყობ ანდერს ბრეივიკს შორის. მიუნხენის თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა მკვლელის ჩათვლით. დაშავებულთა რიცხვი 20-ზე მეტია, მათ შორის სამი, მძიმე მდგომარეობაშია. პოლიცია იტყობინებოდა, რომ მკვლელის გვამი მიუნხენის ოლიმპიის სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში ნახეს. გერმანიის დეპეას სააგენტოს ცნობით, რომელიც მიუნხენის პოლიციის ინფორმაციას ეყრდნობა, პოლიციის მანქანამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 22 ივლისს, 20:30 საათზე დაინახა სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში. მას მერე, რაც პოლიციელებმა მიმართეს, მან პისტოლეტი ამოიღო და თავში ისროლა. 23 ივლისს მიუნხენში ჩავიდა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, თომას დე მეზიერი. მან განაცხადა, რომ მკვლელი, ჩანს, მის მიერ გატეხილი, უცნობი გოგონას ფეისბუკის ანგარიშით მოქმედებდა მკვლელობის საღამოს და ცდილობდა, შეეტყუებინა თავისი მსხვერპლი „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორანში. სროლა მან სწორედ რესტორნის წინ დაიწყო. მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრემ 23 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დამნაშავეს არ ჰქონია არავითარი კავშირი გერმანიაში ლტოლვილების ტალღის ზრდასთან. ანდრეს თანახმად, ის გატაცებული იყო მასობრივი მკვლელობის შესახებ ლიტერატურით. მიუნხენის პროკურორის, თომას შტაინკრაუს-კოხის თქმით, მის ბინაში ნახეს წიგნი სახელწოდებით, „მრისხანება თავში: რატომ კლავენ მოსწავლეები“. მიუნხენის ინციდენტი მოხდა ნორვეგიის მკვლელობის ზუსტად ხუთი წლის თავზე. მაშინ, ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა. მიუნხენის თავდასხმა ბოლო რვა დღეში უკვე მესამე მასობრივი თავდასხმა იყო.

XS
SM
MD
LG