Accessibility links

logo-print

გერმანიაში თავი აიფეთქა სირიელმა ლტოლვილმა, სავარაუდოდ, ისლამისტური მოტივით


გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ანსბახში თავი აიფეთქა სირიელმა ლტოლვილმა, სავარაუდოდ, ისლამისტური მოტივით. აფეთქებამ, რომელიც გუშინ საღამოს მოეწყო ღია ცის ქვეშ ფესტივალისათვის გამოყოფილი ადგილის შესასვლელთან, 12 ადამიანი დაჭრა. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო "დე-პე-ა" ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის, იოახიმ ჰერმანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ისლამისტი თვითმკვლელის მოწყობილ თავდასხმას. ჰერმანის ინფორმაციით, თავდამსხმელს ეკეთა ზურგჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით და ლითონის ნამსხვრევებით, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეეძლო. ანსბახის მერმა, კარლა ზაიდელმა დღეს დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არავის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, უმეტესწილად მსუბუქად დაშავებული არიან“, - უთხრა ჟურნალისტებს ანსბახის მერმა. აფეთქების გამო ფესტივალზე შეკრებილი 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო დღეებში გერმანიაში რამდენიმე თავდასხმა მოეწყო. 24 ივლისს, უფრო ადრე, ასევე სირიელმა ლტოლვილმა ცივი იარაღით მოკლა ქალი და კიდევ ორი ადამიანი დაჭრა ქალაქ როიტლინგენში. ის პოლიციამ დააპატიმრა. ხოლო 22 ივლისს ირანული წარმოშობის გერმანელმა ცხრა ადამიანი მოკლა მიუნხენში, ვიდრე თავს მოიკლავდა.

XS
SM
MD
LG