Accessibility links

logo-print

თურქეთმა გასცა ათობით ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერები


თურქეთმა გასცა 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერები. ამ ნაბიჯით გრძელდება რეპრესიები, რომლებსაც თურქეთში მიმართავენ 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. პირებს შორის, ვისი დაპატიმრების ორდერებიც გასცეს, არის ცნობილი კომენტატორი და ყოფილი პარლამენტარი ნაზლი ილიჩაკი. ილიჩაკი 2013 წელს დაითხოვეს მთავრობის მომხრეე გაზეთ „შაბაჰიდან“ იმის გამო, რომ გააკრიტიკა კორუფციულ სკანდალში გახვეული მინისტრები. ანკარას ჯერ კიდევ პუტჩის მცდელობამდე აკრიტიკებდნენ პრესის თავისუფლების შეზღუდვისათვის. ხოლო პუტჩის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს, ან სამსახურებიდან დაითხოვეს 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი, პოლიციელი, მოსამართლე, მასწავლებელი, საჯარო მოხელე. ამას გარდა, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, ის მზად არის ისევ შემოიღოს სიკვდილით დასჯა, თუ „ამას ხალხი მოითხოვს“. მაგრამ ევროკავშირი ერდოანს აფრთხილებს, რომ სიკვდილით დასჯის კვლავ შემოღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყდება თურქეთთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

XS
SM
MD
LG