Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა. მას წინ უძღოდა პაპუაშვილის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ. გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ დეტალებზე საუბარს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან აპირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დაუსახელა. პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტები თავისთავად შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს, რომლებიც დაცვის უმაღლესი ხარისხით სარგებლობენ. „სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია ახალი არ არის და დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია რეალურად“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ნათელი პასუხი უნდა გაეცეს პოლიტიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას. „ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე რაღაც კავშირების ჩამოყალიბების“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მშვიდი, დემოკრატიული და სამართლებრივი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მიზნით გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა საშიშ ტენდენციებს გაეცეს სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი. ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად რა საშიშ ტენდენციებს ხედავს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ საშიში ტენდენციაა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცავ, ან სხვა სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც შეეხება განცხადებას, ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ, პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრი გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ ბინა გაუჩხრიკეს სასამართლოს დადგენილების გარეშე. „ბუნებრივია, არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ზეწოლის მცდელობა“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG