Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა


საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.“ მისი აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, 2016 წლის ივლისში, წინა, 2012 წლის არჩევნების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცილებით მცირეა გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა. მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 2012 წლის ივლისში „სამართლიან არჩევნებს“ გამოქვეყნებული ჰქონდა უკვე მე-3, სქელტანიანი ანგარიში, რომელშიც ასახული იყო გაცილებით მეტი და სერიოზული დარღვევები, ვიდრე 2016 წლის ივლისშია. არასამთავრობო ორგანიზაციის შუალედური ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 1-18 ივლისის პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლა-მუქარის 2, სამსახურიდან სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ძალადობის 2, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2, აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობის 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. „თუ შევადარებთ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესება არსებობს, მაგრამ დღეს წარმოდგენილი ფაქტები მაინც საყურადღებოა და მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს და არ გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი სავარაუდოდ, უფრო დაძაბულ ფაზაში შევა" - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. გამოვლენილი დარღვევების გამო, „სამართლიანი არჩევნები“ რეკომენდაციებით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას.

XS
SM
MD
LG