Accessibility links

მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტის სიძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. „გუშინ პრეზიდენტის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების წარმოებაში“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. მისი ინფორმაციით, ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროკურატურამ შსს-დან გამოითხოვა მასალები, რომელთა თანახმად ირკვევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მიმართ პოლიციელების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, რაც დადასტურდა შსს-ს საჯარო განცხადებითაც. პროკურატურა აღნიშნავს, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი მოქმედება, იმის დასადგენად, ხომ არ გადაამეტეს შსს-ს თანამშრომლებმა უფლებამოსილებას მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ. მთავარი პროკურატურის განცხადებითვე, დაწყებულია გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მიზნით უხეში ჩარევის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე. „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა გადაწყვეტილებებზე და მიზნის მისაღწევად შესაძლოა, გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ცნობით, გიორგი პაპუაშვილს შესთავაზეს დეტალების გასარკვევად პროკურატურაში მისვლა, რასაც თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა, შემდეგ პოზიცია შეცვალა დაუარი თქვა თანამშრომლობასა და პროკურატურაში გამოცხადებაზე. „დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG