Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს, რომ მისი ხელი ურევია ამერიკელი დემოკრატების ელფოსტის გატეხვაში


კრემლი „აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებებს, რომ მისი ხელი ურევია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელფოსტის გატეხვაში. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 26 ივლისს უთხრა ჟურნალისტებს, ეს „აბსურდული ცნობა მყისვე უარყო პრეზიდენტობის კარგად ცნობილი კანდიდატის ოჯახმა“. ამით პესკოვმა მიანიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის განცხადებაზე. უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვის საკითხი წამოჭრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას. ლავროვმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გუნდის ბრალდებები, რომ რუსეთის ხელი ურევია დემოკრატების ელექტრონული წერილების გასაჯაროებაში. დემოკრატების ვარაუდით, კრემლი ცდილობს, გაამყაროს კლინტონთან დაპირისპირებაში აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიციები. ტრამპს არაერთხელ ჰყავს შექებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

XS
SM
MD
LG