Accessibility links

ერევანში მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა სამი პირი


სამი ადამიანი დაიჭრა სროლის შედეგად ერევნის პოლიციის იმ განყოფილების შენობასთან, რომელიც კვირაზე მეტია დაკავებული აქვთ ოპოზიციური მოძრაობის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებულ მხარდამჭერებს. პოლიციის პრესმდივნის ცნობით, სამშაბათს ღამით, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, მამა-შვილი პაველ და არამ მანუკიანები და პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. ამავე წყაროს თანახმად, სამართალდამცველებს ჩაბარდა შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი. 17 ივლისს ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც მოკლეს ერთი და დაჭრეს რამდენიმე პოლიციელი, და მძევლად აიყვანეს ათამდე პირი. გასული დღეების განმავლობაში თავდამსხმელებმა ეტაპობრივად გაათავისუფლეს ყველა მძევალი, თავად კი ამ დრომდე რჩებიან პოლიციის შენობაში. ოპოზიციური გაერთიანება „დამფუძნებელი პარლამენტის“ შეიარაღებული მომხრეები მოითხოვენ რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ლიდერის, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას და ნდობის მთავრობის შექმნას.

XS
SM
MD
LG