Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ბუწაშვილი და კოკა ლაბარტყავა


27 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მაია ბუწაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და კოკა ლაბარტყავა, "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს ჰეპატიტების დიაგნოსტირება-მკურნალობის სფეროში საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. გადაცემაში ყურადღება ძირითადად გამახვილდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაია ბუწაშვილმა ილაპარაკა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე. აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის პრევენციის ღონისძიებები გარკვეულ ეფექტს ახდენს B ჰეპატიტის პრევენციის მხრივაც. ამასთან მაია ბუწაშვილმა თქვა ისიც, რომ 15 წელზე უმცროს ასაკობრივ ჯგუფში B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა უკიდურესად გაიშვიათდა, რადგან 2001 წლიდან ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. 15 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი საკმაოდ დიდია ვირუსის გავრცელება. რაც შეეხება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ინფიცირებულთა მასშტაბურად გამოვლენა და მაქსიმალურად ჩართვა უფასო მკურნალობის პროგრამაში. "დილის საუბრების" სტუმრების შეფასებით, მკურნალობით მაღალი მოცვის ხელისშემშლელ სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. კოკა ლაბარტყავა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ბევრს გაუხსნიდა გზას იმავე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისკენ. გარდა ამისა, ის ყვება, რომ არის შემთხვევები, როცა პროგრამაში ჩართული ნარკომომხმარებელი დაუკავებიათ, რის გამოც მას შეუფერხდა მკურნალობის კურსი. ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წელს დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი მიზანია ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე. მაია ბუწაშვილი თვლის, რომ ზიანის შემცირების სერვისების ჩართვა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ინფიცირებულთა მკურნალობით მოცვის გაზრდის თვალსაზრისით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG