Accessibility links

logo-print

საქართველოში აღინიშნება ჰეპატიტის მსოფლიო დღე


საქართველო აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ, ჰეპატიტის მსოფლიო დღეს, რომლის წლევანდელი სლოგანია „იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე.“ საქართველოში მეორე წელია ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში ჩაერთო 14 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 5 ათასზე მეტმა მკურნალობა დაასრულა და მათი 92% სრულად განიკურნა. დავით სერგეენკოს განმარტებით, პროგრამის დასაწყებად აუცილებელი იყო, რომ საქართველოს მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური გარემო. „ბოლო 3 თვეა, გადავედით ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი”, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უწოდა საამაყო, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს. პრემიერის ინფორმაციით, პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG