Accessibility links

logo-print

CIA-ს ყოფილი შეფი ტრამპს აკრიტიკებს


ლეონ პანეტამ, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, დონალდ ტრამპი, რომელიც „კიდევ ერთხელ“ იჭერს „რუსეთის მხარეს“, როცა მოუწოდებს მოსკოვს, გატეხოს აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის ელფოსტა. პანეტამ, რომლიც ბარაკ ობამას დროს, თავდაცვის მინისტრადაც მსახურობდა, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, ტრამპი ჩვენს ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს თხოვს, იმოქმედოს აშშ-ის წინააღმდეგ რათა გავლენა მოახდინოს არჩევნებზეო. პანეტას თქმით, მისთვის როგორც პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელი იყო კიბერშეტევებისგან სახელმწიფოს დაცვისთვის, წარმოუდგენელია, საპრეზიდენტო კანდიდატის ასეთი უპასუხისმგებლობა. ტრამპმა წინა დღით მიმართა რუსეთს: "რუსეთო, თუ მისმენ, იმედი მაქვს შეგიძლია იპოვო 30 ათასი დაკარგული ელექტრონული წერილიო", - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში პრესკონფერენციაზე. ამით ის გამოეხმაურა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ შესაძლოა რუსეთის ხელი ერიოს გასულ კვირაში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვაში. ჰილარი კლინტონს უკვე თვეებია აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, ის თავის კერძო ელფოსტას იყენებდა სამსახურებრივი მიზნებისთვისაც, გასაიდუმლოებული შინაარსის მიმოწერის ჩათვლით. მოგვიანებით კლინტონმა ბოდიში მოიხადა. ტრამპის მიერ ნახსენები 30 ათასი წერილი ეხება წერილებს, რომლებიც კლინტონმა, მისივე თქმით, წაშალა, რახან მის პირად საქმეებს ეხებოდა.

XS
SM
MD
LG