Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ოფიციალურად დათანხმდა პრეზიდენტად კენჭისყრას


28 ივლისს ფილადელფიაში დასრულდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომლის დელეგატებმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ყრილობის ბოლო დღეს კლინტონი ოფიციალურად დათანხმდა პრეზიდენტად კენჭისყრას და სიტყვით მიმართა დელეგატებს. კლინტონის თქმით, ის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გამოცდილებისა და თვისებების მქონე ლიდერი, საზოგადოების გამაერთიანებლის როლს შეასრულებს. კლინტონმა ამერიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მცდელობის წინააღმდეგ, გახლიჩოს საზოგადოება და აშშ დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული გახადოს. „მას სურს, რომ ჩვენ გვეშინოდეს მომავლისა და ერთმანეთის“ - განაცხადა კლინტონმა. მისივე თქმით, აშშ-ს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც სულ მცირე პროვოკაციის დროსაც კი კარგავს სიმტკიცესა და მოთმინებას. ყრილობაზე გამოსვლისას, კლინტონმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სენატორ ბერნი სანდერსს, რომელიც მისი მთავარი მეტოქე იყო დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესში. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წამყვანი პოლიტიკური პარტიიდან კენჭს იყრის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG