Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI - გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და არაპროგნოზირებადი შედეგები


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 67 პროცენტი აპირებს, თუმცა მის უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. პროცენტულად, მოქალაქეების 57 პროცენტია პოლიტიკურად გადაუწყვეტელი. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი ამომრჩევლის 19 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, 14 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4-4 პროცენტი კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „მოძრაობას - სახელმწიფო ხალხისთვის.“ გამოკითხვის თანახმად, არჩევნებზე წამსვლელ მოქალაქეთა არჩევანის შესაბამისად, სავალდებულო ხუთპროცენტიანი ბარიერი თეორიულად მხოლოდ ამ ოთხმა პარტიამ გადალახა. რა განაპირობებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სიმრავლეს და რას ურჩევენ მკვლევარები პარტიებს?

გადმოწერა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძნელია, რადგან მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის64 პროცენტი ახალგაზრდაა და მათი ასაკი 18-დან 35 წლამდე მერყეობს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი აცხადებს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს და მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული გაუცხოების პრობლემის გადასაჭრელად კომუნიკაციაა აუცილებელი არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც:

„ეს არის ჩვენი ბოლო გამოკვლევა არჩევნებამდე. ამ გამოკვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ... რაც შეეხება მთავარ მიგნებას, პირველ რიგში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობას კვლავაც დიდი სურვილი აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა უმრავლესობამ კვლავაც არ იცის, ვის მისცემს ხმას. 67პროცენტი ამბობს, რომ წავა არჩევნებზე, 57 პროცენტის არჩევანი კი გადაუწყვეტელია. რაც შეეხება პარტიების ინდივიდუალურ რეიტინგებს, იმდენად დაბალია ეს ციფრები, რომ შეუძლებელია მათი საშუალებით ვცადოთ წინასწარმეტყველება, რა შედეგები დადგება ოქტომბერში. ოქტომბრის შედეგები მთალიანად იქნება დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებზე წასვლა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას“.

ლორა თორნტონი ურჩევს პარტიებს, არჩევნებამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშაონ ამომრჩეველთან. იმ ამომრჩევლის გამოკითხვის მიხედვით კი, რომელსაცგადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მისი განმარტებით, ძირითადად ფიგურირებს ოთხი პოლიტიკური პარტია: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მათ შორის აქვს „ქართულ ოცნებას“, მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მესამე-მეოთხე ადგილებს ამ ჯგუფში ბურჭულაძის პარტია და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებენ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ამ კვლევის მიხედვით, არის 60 პროცენტამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც თავად კვლევის ავტორებიც ამბობენ და თავად კვლევაში არის მითითებული, ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნების დღეს მოხდება...
ეკა ბესელია

გამოკითხულთა 58-მა პროცენტმა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომად კონკრეტული პარტიაც დაასახელა. ამგვარი 19 პროცენტისთვის არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 15 პროცენტისთვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 5-5 პროცენტისთვის „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვს“, 4-4 პროცენტისთვის კი - „თავისუფალი დემოკრატები“ და ლეიბორისტული პარტია. კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არჩევნებში სავარაუდოდ წამსვლელი მოქალაქეების 36 პროცენტი პასუხობს, რომ ეს იქნება „ქართული ოცნება“, 11 პროცენტი კი ვარაუდობს, რომ გაიმარჯვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 31 პროცენტი, შესაბამისად, ფიქრობს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დაწინაურდება, 6 პროცენტი კი გამარჯვებულად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგ გამოკითხვას, რომელიც არჩევნებამდე აღარ ჩატარდება, ტრადიციულად, განსხვავებული - ძირითადად ნეგატიური - შეფასებებით შეხვდნენ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ისინი, ვინც, გამოკითხვის თანახმად, ვერ აღმოჩნდა იმ პარტიების რიგებში, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე მყოფი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია კი, თავის მხრივ, ასევე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე აკეთებს აქცენტს და იზიარებს ლორა თორნტონის აზრს, რომ ამ გამოკვლევით ძნელია იმის განსაზღვრა, რა შედეგებით დასრულდება8 ოქტომბრის არჩევნები:

კვლევა აჩვენებს ერთ რამეს ძალიან ნათლად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა ხალხში, რადგანაც, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად...
სალომე სამადაშვილი

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ამ კვლევის მიხედვით, არის 60 პროცენტამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც თავად კვლევის ავტორებიც ამბობენ და თავად კვლევაში არის მითითებული, ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნების დღეს მოხდება. შესაბამისად, პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე მისვლას“.

ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ წარმატებაში დარწმუნებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის აზრით კი, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის სიმპათიით აღარ სარგებლობს:

“კვლევა აჩვენებს ერთ რამეს ძალიან ნათლად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა ხალხში, რადგანაც, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად, რაც არის უმუშევრობა, რაც არის ეკონომიკა და რაც არის მათი ცხოვრების პირობები, რომელიც, სამწუხაროდ, დღითი დღე უარესდება“.

რომელი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას? - ამ შეკითხვაზე მიღებული პასუხების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 41 პროცენტი, ამბობს, რომ პარტიის მხარდაჭერისთვის მათთვის უმთავრესი ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა, 15 პროცენტი ჯანდაცვის პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, 10 პროცენტს კი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიაჩნია უმთავრესად.

ზოგადად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ არჩევნების წინ მოსახლეობის ინტერესი პარტიების ეკონომიკური პროგრამების მიმართ იზრდება, მაგრამ უშუალოდ არჩევანი დამოკიდებული იქნება ბევრ სხვა ფაქტორზე, მათ შორის, ღირებულებით, მსოფლმხედველობით პლატფორმაზე, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები სთავაზობენ ამომრჩეველს. თუმცა ზაალ ანჯაფარიძე იზიარებს, ასევე, აზრს, რომ პარტიებს ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მისამხრობად სერიოზული მუშაობა სჭირდებათ:

“წინა არჩევნებზე არჩევანი იყო ძალიან მარტივი. საზოგადოება პირდაპირ, რომ იტყვიან, მობილიზებული იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გადაუწყვეტელთა რაოდენობა არ იქნებოდა დიდი. დღეს კიდევ, როდესაც ამდენი პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი პოლიტიკურ გასტრონომში, შეიძლება ასე ითქვას, ბუნებრივია, ამომრჩეველი, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებდა პარლამენტში 6-7 პარტიის მოხვედრას, მე არ მგონია, რომ ამ არჩევნებზე პარლამენტში 4, ნუ, მაქსიმუმ 5 პარტიაზე მეტი გავიდეს“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და მასში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 მოქალაქე გამოიკითხა, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკვლევის ცდომილების ზღვარს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში 2,1 პროცენტის ფარგლებში განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG