Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და ანტისადოპინგო სააგენტო დავობენ რუსეთის საკითხზე


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც რიოს თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა 100-ზე მეტ რუს სპორტსმენს, ღია დავაში შევიდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რომელიც თვლის, რომ შეჯიბრებაზე აკრძალვა აბსოლუტურად ყველა რუს სპორტსმენზე უნდა გავრცელდეს. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა 1 აგვისტოს გააკრიტიკა ანტისადოპინგო სააგენტო - მისი თქმით, სააგენტომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე წამოაყენა რუსეთში დოპინგის პრაქტიკის და მისი დაფარვის სისტემის საკითხი, რამაც კომიტეტს მცირე დრო დაუტოვა სამოქმედოდ. ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება. შესაბამისად, კომიტეტმა სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციებს მიმართა თხოვნით მათ თავად გადაეწყვიტათ ვის ექნებოდა თამაშებში მონაწილეობის უფლება, და მათ რეკომენდაციებს ოლიმპიური კომიტეტი ახლა განიხილავს, თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. „ეს გადაწყვეტილება სამართალს ეხებაო“, განაცხადა ბახმა რიოში გამართულ ოლიმპიურ ასამბლეაზე 1 აგვისტოს და დასძინა - „სამართალი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოსო“. ბახის თქმით, კომიტეტს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა; „ბრალდებების სერიოზული ხასიათის გამო, ვერ შევძელით რუსი სპორტსმენების უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. თუმცა, მეორე მხრივ, სპორტსმენს ვერ წავართმევთ ადამიანის უფლებას ჰქონდეს საშუალება დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“ - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

XS
SM
MD
LG