Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, თუ დემოკრატთა კომპიუტერულ ქსელში რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს, ეს გახდება პრეზიდენტ პუტინთან მსჯელობის საგანი


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, თუ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელში მართლაც რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს, ეს გახდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მსჯელობის საგანი, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე რადიკალურად არ იმოქმედებს. ვაშინგტონში, სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლი ჰსიენ ლუნგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბევრ საკითხში აქვთ უთანხმოება, მაგრამ შესაძლებელია კონცენტრირება იმ სფეროებზე, სადაც საერთო ინტერესები არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერული ქსელი რუსმა ჰაკერებმა გატეხეს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ განცხადებას „წინასაარჩევნო რიტორიკის ნაწილი“ უწოდა. 1 აგვისტოს აშშ-ის კომპანიებმა „ფიდელისმა“ და „თრეტკონექტმა“, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობენ, განაცხადეს, რომ კიბერთავდასხმის ანალიზი მიუთითებს სწორედ რუსი ჰაკერების პასუხისმგებლობაზე. კერძოდ, კომპანიებმა დაასახელეს ჰაკერთა ჯგუფი „ფენსი ბეარი“, რომელსაც, ბევრი ექსპერტის მტკიცებით, კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

XS
SM
MD
LG