Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: საქართველოში ტურისტთა მატების ტემპი "უპრეცედენტოდ მაღალია"


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 354 მილიონი აშშ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია იმავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებლზე. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ეწვია 3,4 მილიონზე მეტი ტურისტი. „ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ტურისტთა რაოდენობის მატება ნიშნავს შემოსავლების ზრდას ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა პირისთვის, ვინც დასაქმებულია მცირე და საოჯახო სასტუმროებსა თუ დიდ ტურისტული კომპლექსებში. „ეს ტენდენცია არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ, ვფიქრობ, გაიზრდება და მომავალი წლის ღონისძიებები უკვე წელს შემოდგომაზე დაიგეგმება ახალი სქემით, რომელიც საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით შევქმენით“, განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა იზრდება, რაც ტურისტების მატების საფუძველია და მოითხოვს იმას, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთ მომზადდეს.

XS
SM
MD
LG