Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორიტარული რეჟიმები დისიდენტთა წინააღმდეგ დასავლეთში შეძენილ კიბერიარაღს იყენებენ


უზბეკეთის, ყაზახეთისა და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მთავრობებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს კიბერიარაღი, რომელსაც დასავლეთის სამართალდამცველი ორგანოები იყენებენ, და ახლა ამ იარაღს დისიდენტების დასაშინებლად და დასამუნჯებლად ხმარობენ. ამ შინაარსის ცნობები გაავრცელეს 2 აგვისტოს დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ კომპანიებმა „ვერინტმა“ და „ნაის სისტემსმა“ უზბეკეთისა და ყაზახეთის საიდუმლო სამსახურებს მიჰყიდეს მასობრივი თვალთვალის სისტემები. ამის შესახებ ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყება. მისი ცნობის თანახმად, უზბეკეთის პოლიციამ იმთავითვე დაიწყო ამ აღჭურვილობის გამოყენება იმ პირთა დასადგენად და დასაკავებლად, ვინც ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით განიხილავდა მთავრობისთვის არასასურველ საკითხებს. დაკავებულთა შორის იყო, მაგალითად, დისიდენტი ბლოგერი. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ინფორმაციით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უზბეკეთის ხელისუფლებამ თავისი რეპრესიული მმართველობის განმტკიცების მიზნით რამდენიმე ათასი ადამიანი დააპატიმრა. როიტერის სააგენტო იუწყება, რომ მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ყაზახეთში. იქ, სავარაუდოდ, მთავრობის დავალებით მოქმედ ჰაკერთა ჯგუფმა სცადა უცხოეთში მცხოვრებ დისიდენტთა ადვოკატებისა და თანამოაზრეების კომპიუტერების ინფიცირება სხვადასხვა სახის ვირუსებით.

XS
SM
MD
LG