Accessibility links

რუსეთი: სოკ-მა 270 სპორტსმენი დაუშვა ოლიმპიურ თამაშებზე


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ჟუკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო დოკუმენტები, რომელთა თანახმად რუსეთის 270 სპორტსმენს მისცეს რიოს თამაშებში მონაწილეობის უფლება. ჟუკოვმა საბუთები მიიღო მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რუსეთის რომელ სპორტსმენებს შეეხებოდა თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა, რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სადოპინგო პროგრამის პასუხად. სამი პირისგან შემდგარმა კომიტეტმა ზოგ შემთხვევაში შეცვალა რუსეთის სპორტსმენებისთვის სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებული აკრძალვები - მათ შორის ოლიმპიური მედლების მფლობელი მოცურავეების, ვლადიმირ მოროზოვის და ნიკიტა ლობინცევის მიმართ. რუსეთმა თავის გუნდში 387 სპორტსმენი დაასახელა, რაც, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ნიშნავს, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა 117 სპორტსმენს - მათ შორის თითქმის ყველა მძლეოსანს.

XS
SM
MD
LG