Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სისხლისღვრა აღარასდროს განმეორდეს


2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე მემორიალთან მიაგეს პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა. „8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმე დღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი დარტყმა მიიღო“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ქედს იხრის დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების და გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. „ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები და კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. „საქართველო უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო კვლავაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სისხლისღვრა აღარასდროს განმეორდეს.

XS
SM
MD
LG