Accessibility links

ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბევრს მიაჩნია ფარულ მოწოდებად კლინტონზე თავდასხმისაკენ


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 9 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომლითაც, ბევრის აზრით, მიანიშნა, რომ იარაღის მფლობელებმა ძალა უნდა გამოიყენონ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში. ბოლოხანს ტრამპის უკვე რამდენიმე განცხადებას მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურება. ამჯერად დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კლინტონის არჩევის შემთხვევაში, ის მიიღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაზე, სასამართლომ კი შესაძლოა გააუქმოს იარაღის ტარების უფლება, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებით არის დაცული. „ჰილარის სურს გააუქმოს კონსტიტუციის მეორე შესწორება, სხვათა შორის (უკმაყოფილო შეძახილები დარბაზში) და თუ სურვილისამებრ აირჩევს მოსამართლეებს - თქვენ, ხალხო, ვერაფერს შეძლებთ! თუმცა, მეორე შესწორების მხარდამჭერებო, იქნებ შეძლოთ კიდეც... არ ვიცი. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ეს იქნება საშინელი დღე“, - განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე ქალაქ უილმინგტონში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. ჰილარი კლინტონის გუნდმა მის განცხადებას „სახიფათო“ უწოდა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხის შედეგებით, კლინტონი დამაჯერებელი უპირატესობით უსწრებს ტრამპს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG