Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: უკრაინამ „ტერორი“ ამჯობინა მშვიდობას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რომ „ტერორის“ გზა ამჯობინა მშვიდობას და აფრთხილებს კიევს, რომ მოსკოვი „სერიოზულ ზომებს“ მიმართავს ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დასაცავად. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 10 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისი ორი აგენტი მოკლეს სხვადასხვა ინციდენტის დროს - უშიშროების ამ სამსახურის ვერსიით - უკრაინის მცდელობისას, დივერსანტები შეეგზავნა ყირიმის ტერიტორიაზე. კიევი უარყოფს ბრალდებას. მოსკოვში გამოსვლისას, პუტინმა „სულელური“ და "დანაშაულებრივი" უწოდა კიევის მოქმედებას. ასევე პუტინის თქმით, აზრი არა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული, დაგეგმილი მოლაპარაკების გამართვას. აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილიდან დაწყებული ბრძოლების შედეგად 9500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. 2014 წლის მარტში კი რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. დღევანდელი განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს ადანაშაულებს „ტერორისტული თავდასხმების“ მომზადებაში.

XS
SM
MD
LG