Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შენდება ქერჩის ხიდი


ქერჩის ხიდის მშენებლობა
ქერჩის ხიდის მშენებლობა

რუსეთის ქალაქ ზლატოუსტის მკვიდრს, ვიაჩესლავ აბდულინს, ძალიან სჭირდებოდა ფული და, სამუშაოს ძებნაში, მშვენიერ სამსახურს მიაგნო: მართალია, მშობლიური ურალიდან შორს, შავ ზღვაზე, ქერჩის სრუტესთან, მაგრამ პრიორიტეტულად გამოცხადებულ პროექტში, ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე - კარგი პირობებით, კარგი ანაზღაურებით.

როგორ შენდება ქერჩის ხიდი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:55 0:00
გადმოწერა

ვიაჩესლავ აბდულინი ჩავიდა ქერჩში, მაგრამ ერთი თვის მუშაობის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, მონური შრომის შემდეგ, ისევ შინ დაბრუნდა. აბდულინი ერთადერთი არ არის, ვინც გასაოცარ ამბებს ჰყვება ქერჩის ხიდის მშენებლობაზე...

აბდულინმა გასული თვის ბოლოს გადაწყვიტა, აღარ ეშრომა მონასავით ქერჩის ხიდის მშენებლობაზე და სახლში წასულიყო. გზის ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფეხით გაეშურა ქერჩის სრუტიდან ურალისაკენ. 600 კილომეტრის გავლა მოუხდა, ვიდრე შინამდე მიაღწევდა!

ვიაჩესლავ აბდულინი
ვიაჩესლავ აბდულინი

„იქ მშენებლობას არავინ აკონტროლებს! და მონასავით ხარ - მუშაობ ისე, რომ ვერ გაჩერდები, ვერ დაჯდები.. მაშინაც კი, როცა ნახევარი საათი ლოდინი გიწევს, სანამ სამშენებლო მასალას მოგიტანენ, მუშაობა რომ გააგრძელო, არ შეიძლება, უბრალოდ, ისე იდგე - სამუშაოს დაკარგავ! დაჯდები - სამუშაოს დაკარგავ. რაღაცას უნდა აკეთებდე, თუნდაც ფიცრები დაგქონდეს აქეთ-იქით, თუნდაც ქვებს ისროდე აქეთ-იქით, დაჯდე და შიგადაშიგ ქვა ისროლო. სულ დაკავებული უნდა იყო, თორემ გაგაგდებენ“, - ჰყვება ვიაჩესლავ აბდულინი. პაპანაქება სიცხეში მუშებს მაისურის გახდის უფლებასაც არ აძლევდნენ, ზოგჯერ მთელი დღე არ ურიგებდნენ სასმელ წყალს. არ მიუციათ არც დაპირებული ხელფასი - თვეში 47 ათასი რუბლი (718 ამერიკული დოლარი).

არადა, ქერჩის ხიდი რუსეთში პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტად არის გამოცხადებული. ხარჯები 4,5 მილიარდ დოლარს აღწევს. საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლისათვის განკუთვნილმა 19-კილომეტრიანმა ხიდმა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს რუსეთი და ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინის კუთვნილი ტერიტორია, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა, ისტორიული სამართლიანობის სახელით. მიზანია, გაუმჯობესდეს კავშირი ყირიმთან, რომელიც, როგორც ცნობილია, არ ესაზღვრება რუსეთს.

სამშენებლო სამუშაოებს წელს, მარტში, ადგილზე გაეცნო თვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გამოაცხადა, 2018 წლის ბოლოს ქერჩის ხიდი მზად უნდა იყოსო. თან დაიმუქრა, რომ „ჩამოახრჩობენ“ მენეჯერებს, ვინც საქმეს თავს ვერ გაართმევს. მუქარა მუქარად... კრემლის დავალებით 2015 წლის ივნისში ჩატარებულმა აუდიტმა დაადგინა, რომ გაუჩინარებულია ქერჩის ხიდის ასაშენებლად წინა წელს გამოყოფილი ფულის ორი მესამედი.

როცა ფული ასე „იკარგება“, რა გასაკვირია, რომ რიგით მუშას, როგორიც ვიაჩესლავ აბდულინია, ხელფასს ვერ უხდიან?

აბდულინის პრობლემები გასულ წელს, შემოდგომაზე, დაიწყო, როცა ზლატოუსტში სახლი დაეწვა. მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ის ნაქირავებ ოთახში დაბინავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ბოლომდე მოუწევდა ოთახის დაცლა, სხვა მდგმურის გამო. აბდულინს სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული ახალ ბინაში გადასასვლელად და ამ მდგომარეობაში რომ იყო, სრულიად შემთხვევით ნახა კომპანია „ლიბერტის“ სატელევიზიო რეკლამა. ქალაქ იჟევსკში დაფუძნებული ეს კომპანია მუშებს ეძებდა ქერჩში სამუშაოდ.

„დავურეკე და ვიკითხე კვების შესახებ, დაბინავების შესახებ, ამ ყველაფერზე. მითხრეს, რომ დღეში 5 000 რუბლს გაძლევენ ხარჯების დასაფარად და ხელფასი თვეში ხელზე სულ 47 ათასი რუბლი გამოდის. დღეში ორჯერ კვება, ტრანსპორტი, სამუშაო ტანსაცმელი, დაბინავება - ამას არაფერს ჩამოვწერთ ხელფასიდანო“, - იხსენებს აბდულინი. მაგრამ, ქერჩში ჩასულმა, სულ სხვა რამ მოისმინა იქ მასზე უფრო დიდხანს მყოფებისაგან: შეიტყო, რომ მუშებს ყველაფერს ხელფასიდან უქვითავენ.

ქერჩის ხიდის შესახებ მონათხრობი ძალიან ჰგავს იმას, რასაც სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის განკუთვნილ მშენებლობებზე ჰყვებიან. ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ მონაცემებით, სოჭში მშენებლობებზე დასაქმებულ 70 ათასამდე მიგრანტს შორის ბევრს უწევდა მუშაობა მძიმე პირობებში, მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, ზოგჯერ ანაზღაურების გარეშე...

მას შემდეგ რუსეთის ეკონომიკა დაღმასვლის გზას ადგას. სოჭში ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან ოთხ თვეში ნავთობმა გაიაფება დაიწყო. ამ დარტყმას ამძაფრებს სანქციები, რომლებიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.

ცუდად ეპყრობიან მუშებს, ადამიანებს. საერთოდ, ადამიანად არ გთვლიან, ცხოველზე უარესად გეპყრობიან. სიგარეტს არ მოგაწევინებდნენ, სულ უნდა გემუშავა. 11 საათის განმავლობაში სულ უნდა გემუშავა, გემუშავა და გემუშავა...
ალექსეი ლოგინოვი

აბდულინი ამბობს, რომ მუშები მთელი რუსეთიდან ჩადიან ქერჩში, რიგიანი ანაზღაურების იმედით: „ყველა შორიდან არის ჩამოსული. ახლა იქ ყველგან, ქალაქებში ჭირს სამუშაოს შოვნა. ზოგი - რომ ჩამოვიდა და ნახა, რა ხდება - მეორე დღესვე უკან გაბრუნდა. ეს, ვისაც ფული აქვს. და ვისაც არა აქვს, იმან რა ქნას?“

აბდულინივით შინ, ზლატოუსტში, დაბრუნდა ალექსეი ლოგინოვი - ისიც ქერჩში უმძიმეს პირობებში შრომისა და ცხოვრების შემდეგ: „ცუდად ეპყრობიან მუშებს, ადამიანებს. საერთოდ, ადამიანად არ გთვლიან, ცხოველზე უარესად გეპყრობიან. სიგარეტს არ მოგაწევინებდნენ, სულ უნდა გემუშავა. 11 საათის განმავლობაში სულ უნდა გემუშავა, გემუშავა და გემუშავა. სიგარეტს ვერ მოსწევდი, ვერ დაისვენებდი... თუ დაჯექი - მორჩა, მაშინვე გაგაგდებენ. ასეთი დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ“.

ლოგინოვი იხსენებს, როგორ გააგდეს მშენებლობიდან ორი მუშა, მოღრეცილად ხერხავთო: „ისე, არაფრის გულისათვის გაგაგდებენ! ასეა მოწყობილი მუშაობა იქ, ქერჩის ხიდზე - ხალხი რომ დაითხოვონ, მათთვის განკუთვნილი ფული აიღონ და გაგაგდონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ცდილობენ, წელში გატეხონ ადამიანები, რადგან ისინი შინიდან ძალიან შორს არიან და ფული არა აქვთ შინ წასასვლელად“.

ლოგინოვმა და აბდულინმა ერთი თვე იმუშავეს ქერჩში და როცა გაირკვა, რომ ხელფასს არავინ უხდიდა, გადაწყვიტეს თავი აღარ დაეტანჯათ „პრესტიჟულ მშენებლობაში“ მონაწილეობით. მათ ბორნით მიაღწიეს ტამანამდე, ქერჩის სრუტის რუსეთის მხარეზე მდებარე სოფლამდე, და იქიდან უკვე ფეხით გაუყვნენ გზას შორეული ურალისაკენ. ღამე მინდორში ეძინათ, ხელში რაც მოხვდებოდათ, იმით ირჩენდნენ თავს: ხან სიმინდს ჭამდნენ, ხან ვაშლს, ალუბალს...

ლოგინოვს გზაში მაინც გაუმართლა: როსტოვის ოლქში, სოფელ მილეროვოში რომ ჩააღწიეს, გზის ფული დახვდა, ცოლს გამოეგზავნა ბილეთის საყიდლად. აბდულინს კი ბოლომდე, ზლატოუსტამდე, ფეხით მოუწია მისვლა. ფული ახლაც ძალიან სჭირდება და იმედოვნებს, რომ ხელფასის ნაწილს მაინც გადაუხდიან. თუ არადა, პროკურატურას მივმართავო, ამბობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG