Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რიჟამაძე


15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებზე. კერძოდ, ნინო რიჟამაძე შეეცადა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის - რისი შედეგია, რომ გასულ კვირაში ქართველმა ამომრჩეველმა იხილა პოლიტიკური რეკლამა, რომლითაც პოლიტიკური პარტია მას რუსულ პენსიასა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდება? გასული კვირის ბოლოს ნინო რიჟამაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ISFED-ს, რომელიც მოითხოვდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტებისთვის" რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, "ცენტრისტების" მიერ ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პოლიტიკური ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა მოსყიდვა. სასამართლოში მესამე პირად განისაზღვრა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც სხდომაზე არ გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ISFED-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებათა ნაწილში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში "ცენტრისტების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "საქართველოს ყველა პენსიონერი, ვინც გამოთქვამს სურვილს, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც საშუალოდ არის 400 ლარი და ამისათვის სურვილის მქონე ამომრჩეველმა უნდა გაიაროს პარტიაში რეგისტრაცია და ხელი უნდა მოაწეროს აღნიშნულ შეთავაზებას (პოლიტიკურ ხელშეკრულებას ამომრჩეველთან)". სასამართლომ ჩათვალა, რომ ""ცენტრისტებმა" ამომრჩეველს შესთავაზეს მათი ხედვა, თუ როგორი იქნება სახელმწიფოს სოციალური (საპენსიო) პოლიტიკა არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში". მოსყიდვის გარდა ნინო რიჟამაძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკა ნორმებზე, რომლებითაც "საარჩევნო კოდექსი" არეგულირებს წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსს. კერძოდ, კოდექსის 45-ე მუხლში განმარტებულია, რომ:"საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას". ნინო რიჟამაძის თქმით, მოპასუხე მხარემ - "ცენტრისტებმა" რუსული პენსიის პერსპექტივის მიღმა, რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონების განზრახვაზეც დაუფარავად განაცხადეს სასამართლოს სხდომაზე. რაც შეეხება სასამართლოზე დავის საგანს - ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხს, ნინო რიჟამაძე განმარტავს, რომ მოსყიდვა არ გულისხმობს აუცილებლად მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, ან მატერიალური ფასეულობების გადაცემას, არამედ აგრეთვე მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით. 15 აგვისტოს ISFED-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს 13 აგვისტოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება, "ცენტრსიტების" სატელევიზიო რეკლამას, რომელშიც რუსული პენსიის დაპირების გარდა, საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებაზეა ლაპარაკი და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთის დროშა და სამხედროები მოჩანან, ISFED-მა მიმართა ცესკოს და მოითხოვა მისგან ადმინისტრაციული სანქციის გატარება "ცენტრისტების" მიმართ, რადგან, სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, ის უკანონო აგიტაციას ახორციელებს. ნინო რიჟამაძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკა იმაზეც, რომ არ არსებობს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მონიტორინგის მექანიზმი, ვიდრე ის მიაღწევს ამა თუ იმ მაუწყებლამდე. სტუმრის განმარტებით, "ცენტრისტების" რეკლამის ეთერში გაშვებამდე მაუწყებელს უნდა გასჩენოდა კითხვები და კონსულტაციისთვის მიემართა ცესკოსთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG