Accessibility links

logo-print

პარლამენტის ბიურო განიხილავს ქვეყნის უბლოკო სტატუსის საკითხს


საქართველოს პარლამენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს მოქალაქეთა განაცხადს კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერის შესახებ. ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინიციატორების წინადადებას კანონის შესაბამისად განიხილავენ. „მაგრამ, ასეთი თემებით სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების, დაუშვებელი და მიუღებელია“ - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის ვერ იქნება მოვლენების პასიური მაყურებლის როლში, ამიტომ პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.“ უსუფაშვილმა ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა საპარლამენტო ფრაქციებს, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ. პარლამენტის ბიუროს სხდომა 15 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG