Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი - ქართველი „ცენტრისტების“ ცენტრი


პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთა აზრითაც, პოლიტიკური გაერთიანების პროგრამა და სარეკლამო კლიპის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „ცენტრისტების“ სარეკლამო კლიპის კანონთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, ხოლო ცესკოს თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს, დააჯარიმოს თუ არა პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაშვებული სარეკლამო კლიპის შინაარსის გამო.

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაშვებული სარეკლამო კლიპის შესაბამისად, ამომრჩეველს ჰპირდება რუსულ პენსიას, ორმაგ მოქალაქეობას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლის, ნინო რიჟამაძის, თქმით, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეკლამის სტანდარტს უდგენს.

მოსკოვი - ქართველი „ცენტრისტების“ ცენტრი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:21 0:00
გადმოწერა

„ეს არის მოწოდება არსებული წყობილების დამხობისკენ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. შუღლის გაღვივებისკენ - ეს ყველაფერი აკრძალულია და მიგვაჩნია, რომ ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებული რეკლამა და წინასაარჩევნო დაპირებები სწორედ ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით აქვს კომპეტენცია განიხილოს, რამდენად ეწინააღმდეგებოდა რეკლამის შინაარსი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს და ამ შემთხვევაში მოახდინოს მასზე რეაგირება“, უთხრა ნინო რიჟამაძემ რადიო თავისუფლებას.

რეაგირებაში იგულისხმება პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმება 2 ათასი ლარით და რეკლამის ამოღება საჯარო სივრციდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ანა მიქელაძის, თქმით, გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს:

ანა მიქელაძე
ანა მიქელაძე

„გუშინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოგვმართა საჩივრით. გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და არა ცესკო. ის განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას - ან შეადგენს ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, ან არ შეადგენს“.

თუმცა იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ცენტრისტების“ სარეკლამო კლიპის შინაარსი ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს კონსტიტუციას. ასე ფიქრობს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე:

„როდესაც პოლიტიკური პარტია თავის საარჩევნო პროპაგანდას აგებს იმაზე, რომ დააკანონებს რუსულ ჯარს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ უფასო საარჩევნო რეკლამას, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა, მისი თქმით, დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას:

„მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება“.

თუმცა მმართველი პარტია მხოლოდ განცხადების გავრცელებით არ შემოიფარგლება. „ქართული ოცნება“ ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის განსახილველად პარლამენტის წევრთა მეხუთედის, ანუ 30 დეპუტატის, ხელმოწერაა საჭირო. უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის კომენტარი:

„პოზიცია, რომელსაც „ცენტრისტები“ გამოხატავენ, პროვოკაციულია და უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მოხდეს გარკვეული დაკავშირება საქართველოსი რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება კონსტიტუციის მოთხოვნებს“.

„ცენტრისტების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასა და დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვებას აპირებს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის, თქმით, პასუხისმგებლობა პრორუსული ძალების გაძლიერებაზე მოქმედ ხელისუფლებასაც ეკისრება:

ვფიქრობ, რომ ასეთი შფოთი და შეჯიბრი პოლიტიკურ პარტიებს შორის, ვინ უფრო პატრიოტულია და ვინ უფრო კატეგორიული იქნება ამ მარგინალური პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ, მე მგონი, გამოიყენება წინასაარჩევნო თამაშებისთვის, ქულების დასაწერად...
ვალერიან გორგილაძე

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც გუშინ კი საუბრობდა ბატონ ბედუკაძეზე და „ცენტრისტების“ კლიპზე, მაგრამ მანვე გააპარპაშა საქართველოში პრორუსული ძალები. მსგავსი შინაარსის რეკლამის გაშვება საზმაუწყებლის ეთერში არის საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სერიოზული ნაბიჯი, ხელს უწყობს საქართველოში რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას და სერიოზულად აზიანებს ქვეყანას“.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ „ცენტრისტების“ მსგავსი მარგინალური ძალების არსებობაში სახიფათო არაფერია, რადგანაც მათი რეიტინგი ნახევარ პროცენტზე დაბალია, რაც გამოჩნდება კიდეც ოქტომბრის არჩევნებზე.

„თუ ეს ნიშნული იქნება უფრო მაღალი და ანგარიშგასაწევი, მაშინ გამოდის, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს საერთოდ ყველას - სახელმწიფოს, პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც სათანადოდ ვერ აუხსნა საზოგადოებას, თუ რა არის ევროატლანტიკური სივრცე, მისი ღირებულებები და ა.შ. ვფიქრობ, რომ ასეთი შფოთი და შეჯიბრი პოლიტიკურ პარტიებს შორის, ვინ უფრო პატრიოტულია და ვინ უფრო კატეგორიული იქნება ამ მარგინალური პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ, მე მგონი, გამოიყენება წინასაარჩევნო თამაშებისთვის, ქულების დასაწერად“, უთხრა ვალერიან გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.

ვალერიან გორგილაძის თქმით, ის უფრო აღმაშფოთებელია, რომ ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის კლიპი გავიდა ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში, თუმცა თავად „ცენტრისტების“ ლიდერი ლადო ბედუკაძე მიიჩნევს, რომ პარტიის პროგრამასა და სარეკლამო კლიპში არაფერია ანტისახელმწიფოებრივი და რომ ის გაითვალისწინებს მხოლოდ ორი ადამიანის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის - აზრსა და შენიშვნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG