Accessibility links

ლავროვმა და შტაინმაიერმა უკრაინის საკითხი განიხილეს


რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში შეხვედრა ჩაატარეს, რომელშიც ძირითადად უკრაინასა და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა დაადასტურეს მათი ერთგულება მინსკის პროცესისადმი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრისკენაა მიმართული. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს კიევის გეგმას ყირიმში საბოტაჟის მოწყობასთან დაკავშირებით. ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი არ აპირებს ამის გამო კიევთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, რაც, მისი თქმით, „რადიკალური ნაბიჯი“ იქნებოდა. უკრაინა უარყოფს დივერსიულ გეგმებთან კავშირს. შტაინმაიერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში ვითარების გამწვავება და მოუწოდა მოსკოვსა და კიევს, გამოიძიონ ინფორმაცია დივერსიული გეგმის შესახებ.

XS
SM
MD
LG