Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ფერმერები ცოდნის ამაღლებისა და გასაღების ბაზრის მოძიებისთვის ხელშეწყობას ითხოვენ


სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტი იზრდება. მიუხედავად ამისა, მეწარმეები და ფერმერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ სტანდარტებსა და ვალდებულებებზე, რომელთა დაკმაყოფილება და აღსრულება აუცილებელია პროდუქციის ევროპის ქვეყნების ბაზარზე გასატანად. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით, 2030 წლამდე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებში 300-ზე მეტი სამართლებრივი აქტი უნდა დაიხვეწოს და საქართველოს კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროკავშირისას.

სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის შემდეგ მეწარმეთა 70 %-ზე მეტი ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისი სერტიფიკატების მიღებას ამჯობინებს, 2011 წლამდე კი ქართული კომპანიების 90 % წარმოებაში იყენებდა იმ სტანდარტებს (გოსტ), რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში მოქმედებს.

კოოპერატივი „ვაშლარი“ თაფლისა და თაფლის პროდუქტების ქვეყნის შიდა ბაზარზე დასამკვიდრებლად და მის ფარგლებს გარეთ გასატანად 2014 წელს დაარსდა. როგორც კოოპერატივის წევრი მეთაფლე მინდია ქავთარაძე ამბობს, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მოგებული თანხით უკვე მოახერხეს ფუტკრის გამრავლება და არსებული საწარმოს გადაიარაღება, რის შემდეგაც მეტი რაოდენობის თაფლს და თაფლის არაყს აწარმოებენ, წარმოებული პროდუქციისთვის გასულ წელს სპეციალურად შექმნეს ჭურჭელიც და ეტიკეტიც. 1000 ოჯახი ფუტკრის უკეთესად მოვლისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მინდია ქავთარაძე მეტ ინფორმაციასა და ცოდნას მიიჩნევს საჭიროდ. მეთაფლე ფიქრობს, რომ ქართული თაფლის ევროპის ქვეყნების ბაზარზე გასატანად აუცილებელია ფერმერები იცნობდნენ იმ ნორმებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მოქმედებს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც მეფუტკრე საუბრობს, ფუტკრის მოვლა- პატრონობისას დაშვებული შეცდომებია. მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ მეფუტკრეთა დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რომელი ანტიბიოტიკია ფუტკრისთვის უსაფრთხო და რა დოზით. გასულ წლებში თაფლში ანტიბიოტიკების ჭარბი დოზით აღმოჩენის გამო საქართველოში ნაწარმოები თაფლის დიდი ნაწილი ვერ მოხვდა ევროპის ბაზარზე.

კოოპერატივ „ვაშლარის“ წარმომადგენლის, მინდია ქავთარაძის, თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ქვეყნის შიგნით გავრცელდეს თაფლის არაფალსიფიცირებული პროდუქტი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბაზარზე პროდუქციის ფასი გაცილებით მაღალი იქნება, სოციალური საწარმოს გაფართოებისა და მოსავლის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქართული ბაზრის ათვისებას გეგმავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში შექმნილი სოციალური საწარმო, რომელსაც ზომითა და გემოთი გამორჩეული ესპანური მარწყვის ჯიშის, სან-ანდრიას, მოსავალი მოჰყავს. საწარმოში სოციალურად დაუცველი ოთხი ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი. როგორც აგროკონსულტანტი თამარ მიქაუტაძე ამბობს, აპირებენ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოსავალი ყოველწლიურად გაზარდონ, თუმცა პირველ ეტაპზე პროდუქტი ადგილობრივ მაღაზიებში გაიყიდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრები ფერმერი ტარიელ კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და შეუძლია სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტი დააკმაყოფილოს. ტარიელ კოხრეიძის თქმით, მას კუთვნილ 20 სათბურში მოწეული ბოსტნეული და ბაღჩეული ადგილობრივ ბაზარზე გააქვს. ფერმერი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით პროდუქციის ფასი დაბალია, დიდ ბაზარზე გატანა კი მომგებიანი იქნება.

როგორც ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ამბობენ, გადამზადების, გადაიარაღებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პარალელურად მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ბაზრის მოძიებაში ხელშეწყობა, რაც ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG