Accessibility links

logo-print

ბაიდენს ბელგრადში საპროტესტო აქციით შეხვდნენ


აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბალკანეთში ტურნე დაიწყო სერბიით, სადაც მას საპროტესტო აქციით შეხვდნენ. ტურნეს ფარგლებში ბაიდენი სამ ქვეყანაში გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს მთავრობების წარმომადგენლებთან. 16 აგვისტოს ბაიდენი ხვდებოდა სერბიის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩს. სერბიის პრეზიდენტის სასახლის წინ ასობით ულტრანაციონალისტმა მოაწყო აქცია, ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგს„ხმა მიეცით ტრამპს!“. „ტრამპი გლობალიზაციის ალტერნატივაა - ის აშშ-ში ძალაუფლების ძველ ცენტრებს გაანადგურებს და რუსეთის მხარდამჭერიაო“ - აქციაზე უთხრა სააგენტო როიტერსს ვოისლავ შეშელიმ, სერბიის ულტრანაციონალისტური რადიკალური პარტიის ლიდერმა, რომელსაც ომის დანაშაულების ბრალდებები მოეხსნა. 17 აგვისტოს ბაიდენი პრიშტინაში ჩავა და მოლაპარაკებას გამართავს კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჩისთან და პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფასთან. მოელიან, რომ ის ორივე ქვეყნის ლიდერებს მიმართავს თხოვნით განახორციელონ 2015 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს კავშირების ნორმალიზებას სერბიასა და კოსოვოს შორის. კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ბაიდენი ბოლო მნიშვნელოვან ტურნეს ატარებს უცხოეთში. 22 აგვისტოს ის თურქეთში ჩავა, შემდეგ კი ლატვიას ესტუმრება და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტებთან გამართავს შეხვედრას.

XS
SM
MD
LG