Accessibility links

logo-print

კომისიამ გენოციდი უწოდა 1916 წელს მეფის რუსეთის მიერ ყირგიზთა მკვლელობას


ყირგიზეთში საზოგადოებრივმა კომისიამ დაადგინა, რომ 1916 წელს მეფის რუსეთის მიერ ყირგიზთა ამბოხების ჩახშობა გენოციდი იყო. კომისიის ხელმძღვანელმა, აზიმბეკ ბეკნაზაროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასკვნა, რომელიც კომისიამ 15 აგვისტოს გამოიტანა, ეფუძნება მასალებს, რომლებიც რუსეთის და ჩინეთის მთავრობების მიერ მიწოდებულ არქივებში მოიძიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთმა გადაწყვიტა შუა აზიის მკვიდრი მოსახლეობა გამოეყენებინა არმიაში, როგორც შეუიარაღებელი მუშები, რომლებიც სანგრებს და თავდაცვით ნაგებობებს ააშენებდნენ. ყირგიზი და ყაზახი ხალხების ბევრმა წარმომადგენელმა ამაზე უარი განაცხადა და ღიად დაიწყო ამბოხება რუსი მმართველების წინააღმდეგ. გავრცელებული ვარაუდით, რუსეთის სადამსჯელო ბატალიონებმა დახოცეს 100 000-დან 270 000-მდე ეთნიკური ყირგიზი. ასი ათასობით ყირგიზმა თავი შეაფარა ჩინეთის სინიანის პროვინციას. ყირგიზეთში 1916 წლის სისხლისღვრა არ იყო ნახსენები ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, ყაზახეთში მომხდარი მსგავსი ამბოხება კი აღწერილი იყო აჯანყებად ადგილობრივი ფეოდალების და რუსეთის მეფის წინააღმდეგ - რამაც ხელი შეუწყო კომუნისტების გამარჯვებას 1917 წელს. მიმდინარე წლის აპრილში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, სერგეი ნარუშკინმა უარყო გენოციდის ბრალდება ამ აჯანყებებთან კავშირში და განაცხადა, „100 წლის წინ ყველა ერმა გამოიარა ტანჯვაო“.

XS
SM
MD
LG