Accessibility links

logo-print

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია


ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ზემძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის საჩხერელმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (473 კგ) და 22 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანს (სომხეთი). მესამე ადგილი ერგო კიდევ ერთ ქართველ ათლეტს, ირაკლი თურმანიძეს. 31 წლის ქობულეთელმა ვეტერანმა ორი მოძრაობის ჯამში 448 კილოგრამი ასწია და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ირანელმა ბეჰდად სალიმიკორდასიაბიმ, რომელიც ატაცის შემდეგ მსოფლიო რეკორდით ლიდერობდა (216 კგ), აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა. 16 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეჰმატა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სძლია იაპონელ ტომოჰირო ინოუეს და „ბრინჯაო“ მოიპოვა. რიოს თამაშების მე-11 დღის შემდეგ საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზეა ხუთი მედალი: ერთი „ოქრო“, ერთი „ვერცხლი“ და სამი „ბრინჯაო“.

XS
SM
MD
LG