Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები განცხადებით გამოეხმაურნენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას


კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ. კამპანიის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დაუშტრიხავი ფორმით ვიდეოკადრების გავრცელების გამო შესაძლებელი გახდა ასახული პირების იდენტიფიცირება და ვიდეოკადრები აიტვირთა YouTube-ზეც. „კადრების ამ ფორმით გავრცელება არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას“ - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის გამოყენება წამების ჩამდენი პირების მიმართ. „სამწუხაროა, რომ მსგავს დანაშაულს და მის მასშტაბს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებელი პირები კი უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი და მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია“ - ნათქვამია განცხადებაში. „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეთა განცხადებით, თუ არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობის მიმართ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას შეკითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები, მაგრამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულის მონაწილეთა დაუსჯელად დატოვებას და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლთ. სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ვიდეოკადრების დროულად დაბლოკვასთან ერთად, დაიწყოს მათი მოპოვება-გავრცელებისა და შინაარსის გამოძიება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. პატიმართა წამების ვიდეოკადრები 14 აგვისტოს გაავრცელა გაზეთმა „ქრონიკა +“-მა, რომლის მტკიცებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებული ვიდეომასალის კონკრეტული ეპიზოდები დადგმული იყო.

XS
SM
MD
LG