Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმბა. ნაწილი I


ჰავანა
ჰავანა

ტიმბა კუბური სალსის საფუძველზე შექმნილი საცეკვაო მუსიკალური ჟანრია, რომელიც ფანკის, ჯაზის, ჰიპ-ჰოპისა და აფრო-კუბური ფოლკლორის სინთეზს წარმოადგენს. ტრადიციული სალსისგან განსხვავებით, ბგერა უფრო ნოვატორული და თანამედროვეა, რასაც კუბური ხალხური მუსიკისათვის უცხო ინსტრუმენტები - მათ შორის, ამერიკული დასარტყამი დანადგარები და სინთეზატორები -განაპირობებს. გარდა ამისა, რიტმი მრავალშრიანია და მელოდიურ მხარეზე გაცილებით მნიშვნელოვანი.

ტიმბა. ნაწილი I
please wait

No media source currently available

0:00 0:06:36 0:00
გადმოწერა

საინტერესოა ისიც, რომ ტიმბას დამკვრელებს უფრო მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა მოეთხოვებათ, ვიდრე სალსაში. ზოგჯერ სასულე პარტიები ამერიკული ბიბოპისათვის დამახასიათებელ თავბრუდამხვევ ტემპსა თუ რეგისტრებში სრულდება და არტისტებს საკრავების ტემბრალური შესაძლებლობების ზღვარზე უწევთ მოქმედება.

"Me dicen Cuba" ("მე მეძახიან კუბას") - ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელსაც ახლა ვისმენდით. მას ტიმბას თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ალექსანდერ აბრეუ მანრესა, და მისი ბენდი, "ჰავანა დე პრიმერა", ასრულებდა. ამ დიდებული არტისტის შესახებ შემდეგ სიუჟეტში ვისაუბრებ, დღეს კი ჟანრის ისტორიაზე მოკლედ მოგახსენებთ.

ტიმბამ განვითარება გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა უარი თქვა კუბის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მთავრობაც იძულებული გახდა ტურისტებისათვის გაეხსნა ქვეყანა. გარდა ეკონომიკისა, უცხოელი სტუმრების შემოდინებამ გავლენა მუსიკალურ ინდუსტრიაზეც იქონია. საცეკვაო მუსიკალური ჟანრი, ტიმბა, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა. ჰოდა, 90-იან წლებში კუბელი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან უამრავი ბენდი შეიქმნა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ორ ორკესტრს გავიხსენებ, რომლებმაც ტიმბა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს და მთელი მსოფლიო ააცეკვეს.

"NG La Banda" - ერთ-ერთ პირველ ტიმბა-ბენდად ითვლება ჟანრის ისტორიაში. ორკესტრის ლიდერებად იქცნენ ლეგენდარული "ირაკერედან" წამოსული მუსიკოსები, ხოსე ლუის კორტესის ხელმძღვანელობით. სასულე ინსტრუმენტებზე დამკვრელ ამ ხუთეულს, ხუმრობით, "მკვლელებსაც" კი ეძახდნენ, რადგან მაღალი დონის ვირტუოზული ტექნიკითა და აგრესიული საშემსრულებლო სტილით გამოირჩეოდნენ. ზემოხსენებულ მრავალშრიან ტიმბა-რიტმს ბასისტი ფელისიანო არანგო, დრამერი ხირალდო პილოტო და პერკუსიონისტი უიკლი ნოგერასი ქმნიდნენ. ამ თავყრილობაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პიანისტი რუდოლფო არგუდინი, რომლის ნოვაციური ტუმბაო-ფრაზირებით იწყებოდა ორკესტრის თითოეული სიმღერა.

თუ "NG La Banda" ერთ-ერთ პირველ ტიმბა-ბენდად ითვლება, ჟანრის კლასიკურ პირველ ალბომად მიიჩნევა დისკი "Me Sube La Fiebre", რომელიც 1992 წელს გამოუშვა ორკესტრმა "La Charanga Habanera"-მ. თუმცა მანამდე ანსამბლი კუბური მუსიკის ტრადიციულ ჟანრს, ჩარანგას, ასრულებდა. არსებობის პირველ ეტაპზე ბენდი მეტწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლირებდა და კუბაში ნაკლებად იყო ცნობილი. "Charanga Habanera" ისეთი ჯგუფებისა თუ არტისტების კონცერტებზე გამოდიოდა ხოლმე, როგორებიც არიან სტივი უანდერი, ჯეიმს ბრაუნი, "Earth, Wind and Fire", "Kool & The Gang" და სხვები. ერთხელაც, სამშობლოში დაბრუნებულმა მუსიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ჩარანგა აღარავის აინტერესებდა და ყველა "NG La Banda"-ს აღმერთებდა. ჰოდა, ბენდის ხელმძღვანელმა ხუან კარლოს გონსალესმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა: უარი თქვა მოძველებულ მუსიკალურ ფორმებზე, შეცვალა ორკესტრის შემადგენლობა, დაიმატა რამდენიმე საყვირი და საქსოფონი, ბას-დრამი და სინთეზატორი. თუ რა შედეგი მიიღეს, ამის გასარკვევად სამი ალბომის მოსმენას გირჩევდით: "Love Fever", "Hey You Loca" და "Tremendo Delirio". მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან სტილისტიკურად განსხვავებული ნამუშევრები გახლავთ, მათში ტიმბას განვითარების მთელი პროცესია წარმოდგენილი.

(იხ. გაგრძელება)

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG