Accessibility links

თურქეთში პოლიციამ რამდენიმე ათეული ბიზნესმენი დააკავა


თურქეთის პოლიცია აგრძელებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არშემდგარ სამხედრო პუტჩში. უსაფრთხოების ძალებმა 18 აგვისტოს დილის საათებში ისტამბულში 14 რეიდი განახორციელეს ასზე მეტ ოფისში და რამდენიმე ათეული პირი კი დაკითხვაზე წარადგინეს. მთლიანობაში პროკურორებს დაპატიმრების ორდერი გაცემული აქვთ 187 პირზე, რომელთა უმრავლესობა ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები არიან. ისინი ეჭვმიტანილნი არიან აშშ-ში თვითდევნაში მყოფი სასულიერო პირის ფეთულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში. თურქეთის ხელისუფლება გიულენს მიიჩნევს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად. აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიციამ სამხედრო გადატრიალების ბრალდებით 42 029 კაცი დაკითხა, მათი ნახევარი პატიმრობაში იმყოფება. საჯარო სამსახურიდან, უპირატესად სამხედრო უწყებიდან, დათხოვნილია 80 ათასი პირი. 17 აგვისტოს თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება და ციხეებში ადგილების გამოსათავისუფლებლად, საპატიმროებიდან გაუშვა სამხედრო გადატრიალებამდე სხვადასხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებული 38 ათასი პატიმარი.

XS
SM
MD
LG