Accessibility links

logo-print

დღეს უნდა გადაწყდეს "უბლოკო სტატუსის" საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეისთვის დანიშნულ სხდომაზე იმ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების საკითხს განიხილავს, რომლის მიზანია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება. თავად საკონსტიტუციო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადებას. საინიციატივო ჯგუფი ათი წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები. საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციას შემდეგი პუნქტის უნდა დაემატოს: "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში". აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის საპირისპიროდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს შესთავაზა საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს ქართველი ხალხის ნება, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევისა და პარლამენტში პროექტის ინიცირებისათვის საჭიროა, სულ ცოტა, 76 დეპუტატის ხელმოწერა, რაც დღეისათვის ვერ გროვდება. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ, როგორც ერთი, ისე მეორე საკონსტიტუციო პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

XS
SM
MD
LG