Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინ


სოხუმი
სოხუმი

აფხაზური ტრადიციები ადრე და ახლა. ბევრი წეს-ჩვეულება, რომელიც აფხაზებს ახასიათებდათ, დღემდე აქტუალურია. სტუმართმოყვარეობა, პატრიარქატი და ტაბუ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაზე - ეს არის აფხაზური ტრადიციების ძირითადი შტრიხები.

„აფხაზებისთვის არსებობს დაუწერელი კანონი, ერთგვარი ქცევის წესები“, - ამბობს თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ლეილა ავიძბა. ეს წესები ძირითადად ტრადიციებს ეყრდნობა და მათ მეტ-ნაკლებად ყველა იცავს. მაგალითად, აფხაზებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს სტუმარი - სტუმარი, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. აფხაზებში დღემდე არსებობს უხუცესების კულტი. ასაკოვან ადამიანს აფხაზები განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ბევრი ტრადიცია სწორედ უფროსებისადმი მოწიწების შედეგად არის წარმოქმნილი.

აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:18 0:00
გადმოწერა

აფხაზური ტრადიციები მკვეთრად პატრიარქალურია. ერთ-ერთი ტრადიციაა ისიც, რომ მამამთილი და რძალი ერთმანეთში არ ლაპარაკობენ და ამ წესს ბევრი დღესაც იცავს. ლეილა ავიძბა ამბობს, რომ ადრე ქალს უფლება არ ჰქონდა სხვების თანდასწრებით ქმრისთვის სახელით მიემართა. ტაბუირებული იყო, ასევე, ყველაფერი, რაც ქალისა და კაცის თანაცხოვრებასთან ასოცირდებოდა - მაგალითად, აფხაზურ ქორწილში სიძე-პატარძალი სტუმრებს ცალ-ცალკე შენობებში იღებდნენ.

„ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა იგივე უფროსებისადმი პატივისცემის, რომ ისინი არ ამჟღავნებენ თავიანთ ურთიერთობას. ეს ტრადიცია სიძე-პატარძლის ერთად არგამოჩენის ერთი პერიოდი დავიწყებული იყო, მაგრამ ბოლო 10-20 წელია ახალი თაობა ცდილობს მის აღდგენას “.

აფხაზეთში არის ასეთი წესი. ნებისიერი ადამიანის ოთახში შემოსვლისას ყველა დგება ფეხზე, არა აქვს მნიშვნელობა, უფროსია ის თუ უმცროსი. ბებიაჩემი, ასაკოვანი ადამიანი, დგებოდა ფეხზე, როდესაც შემოდიოდა ბავშვიც კი...
ლეილა ავიძბა

ბევრი ტრადიცია დღეს უკვე აღარ ახსოვთ, თუმცა შემორჩენილია სხვა წესები, მაგალითად, უცხო ადამიანის შემოსვლისას ფეხზე ადგომა:

„აფხაზეთში არის ასეთი წესი. ნებისმიერი ადამიანის ოთახში შემოსვლისას ყველა დგება ფეხზე, არა აქვს მნიშვნელობა, უფროსია ის თუ უმცროსი. ბებიაჩემი, ასაკოვანი ადამიანი, დგებოდა ფეხზე, როდესაც შემოდიოდა ბავშვიც კი“.

ლეილა ავიძბას თქმით, დღემდე ყველა გვარს ჰყავს თავისი უხუცესი და არის, ასევე, აფხაზების უხუცესთა საბჭო. ლეილა ავიძბა ამბობს, რომ გვარის უხუცესები არჩევენ სადავო საკითხებს, ხოლო აფხაზების უხუცესთა საბჭო გაცილებით გავლენიანია - მას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაზეც შეუძლია ზეწოლა.

აფხაზურ ტრადიციებზე საუბრისას სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძეც პატრიარქატზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, ყველაზე თვალშისაცემი მაინც უფროსებისადმი დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით პატივსაცემია აფხაზისთვის ასაკოვანი სტუმარიო:

„მე ბევრჯერ შევსწრებივარ, რომ სტუმარი შეიძლება სოციალურად უფრო მაღალი სტატუსის ყოფილიყო, მაგალითად, დიდი თანამდებობის პირი ყოფილიყო ერთ-ერთი სტუმარი, მაგრამ მასზე ასაკით დიდი პირი თუ იყო ვინმე იქვე, ასაკოვანს უფრო დიდ პატივს სცემდნენ“.

2011 წელს გამოიცა წიგნი, რომელიც ბარონ დე ბაის საქართველოში მოგზაურობას ასახავს. მოგზაურობის პერიოდი მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისს მოიცავს. ბარონი დე ბაი აფხაზეთშიც იმყოფებოდა და ფოტოებიც გადაიღო. მას ბევრი ადგილობრივი წესი და გადმოცემა აქვს ჩაწერილი. ის ჰყვება, მაგალითად, თუ როგორ გამოჰყავთ აფხაზებს მდინარიდან წყალში დამხჩვალის სული. მთელი სოფელი იკრიბება შემთხვევის ადგილას. ერთი ნაპირიდან მეორეზე თოკია გაბმული და ზედ უხმარი ტიკი ჰკიდია. შეკრებილები მიცვალებულის სულს ევედრებიან ტიკში შევიდეს. როდესაც ტიკი გაიბერება, მას თავს მოუკრავენ და მიცვალებულის საფლავზე ზეიმით მიაქვთ.

სოხუმი
სოხუმი

ბარონი დე ბაი ამბობს, სოფლებში არ არის სასაფლაოები, აფხაზები მიცვალებულებს ბაღში, ხის მესერით შემოვლებულ, გადახურულ ადგილას მარხავენო. ამ მესერზე ხშირად ნახავთ გარდაცვლილის ნაქონ ტანსაცმელს, რომელიც აფხაზებს ვინმე გაჭირვებულისთვის აქვთ დატოვებული.

გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად გზაზე აგებულია თავშესაფარიც, აფხაზური აკაბა. მგზავრებისთვის ხშირად იქ საჭმელსაც ტოვებენ. მგზავრი კერძს მიირთმევს, მაგრამ ჭურჭელს არასდროს ისაკუთრებს.

ქართული ჰერალდიკის სახლის ხელმძღვანელი ასმათ შერვაშიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ზღვისპირია, აფხაზები მაინც მთის ხალხიაო.

„თუ დააკვირდებით მათ ტრადიციებს, ძალიან ჰგავს ყველა კავკასიელი მთის ხალხის ტრადიციებს, მათ შორის, თუშურს, სვანურს... ეს არის მთიელი ხალხი და მათი ტრადიციებიც, შესაბამისად“.

ასმათ შერვაშიძის თქმით, აფხაზებს აქვთ მთის ხალხებისთის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა ერთგულება და ერთმანეთის გატანა. მისდევენ მესაქონლეობას. მათი სიმღერები მრავალხმიანია, რაც უშუალოდ საქართველოს მთის ხალხებისთვის არის დამახასიათებელი და არა, ზოგადად, კავკასიის.

სხვათა შორის, ყველა გვარს ჰქონდა თავისი წმინდა სამჭედლო, სადაც შენახული იყო სამჭედლო იარაღები და ლოცულობდნენ. იქ სხვადასხვა რიტუალები სრულდებოდა...
თეიმურაზ გვანცელაძე

ბარონი დე ბაი ქალაქებისა და სოფლების აღწერისას ამბობს, აფხაზეთში ბევრი სხვადასხვა ეთნოსისა და რწმენის ადამიანი ცხოვრობს, თავად აფხაზებიც ზოგი ქრისტიანია, ზოგი მაჰმადიანი, ზოგი კი წარმართიო. ბარონი დე ბაი აღწერს წარმართულ რიტუალსაც, რაც მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. რიტუალს მჭედელი ასრულებს, მსხვერპლად კი თხას წირავენ.

აფხაზოლოგ თეიმურაზ გვანცელაძის თქმით, მჭედლის კულტი მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული, წარმართული წეს-ჩვეულებები კი აფხაზეთში დღემდეა შემორჩენილი:

„სხვათა შორის, ყველა გვარს ჰქონდა თავისი წმინდა სამჭედლო, სადაც შენახული იყო სამჭედლო იარაღები და ლოცულობდნენ. იქ სხვადასხვა რიტუალები სრულდებოდა. მაგალითად, თუ ვინმეს ქურდობა დაბრალდებოდა, ის ვალდებული იყო მისულიყო სამჭედლოში და ქურუმის თანდასწრებით დაეფიცა, რომ მას არ მოუპარავს“.

მისივე თქმით, გუდაუთის რაიონის სოფელ აჭანდარაში დღემდე არის წარმართული სალოცავი, რომელსაც აფხაზები ერთ-ერთ ძლიერ სალოცავად მიიჩნევენ.

თეიმურაზ გვანცელაძის თქმით, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, აფხაზებშიც ძალზე ფეხმოკიდებული იყო სისხლის აღების წესი, ასევე ძალზე იზღუდებოდა ქალთა უფლებები.

მიცვალებულის დატირების აფხაზური წესი კი თავის პარადოქსულობით იქცევს ყურადღებას. ბარონ დე ბაი აღწერის თანახმად, გარდაცვლილის დასატირებლად მთელი სოფელი იკრიბებოდა. მოდიოდნენ მოზარე ქალები, კაცები კი შუბლზე ირტყამდნენ ხელს. გარდაცვლილის ცხენიც კი შავნაჭერგადაფარებული იდგა ეზოში. ამ დროს, ახალგაზრდა ქალს არ შეუძლია დაიტიროს ქმარი, ახალგაზრდა კაცს კი - ცოლი და შვილები. ბარონი დე ბაი წერს, აფხაზები ამგვარ საქციელს სამარცხვინოდ მიიჩნევენო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG