Accessibility links

logo-print

თურქეთის თვითმფრინავებმა ქურთთა პოზიციები დაბომბეს სირიის ჩრდილოეთში


თურქეთის ავიაციამ 27 აგვისტოს იერიში მიიტანა ქურთთა პოზიციებზე, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. ლონდონიდან იტყობინება სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ჯგუფი, რომ თურქეთის თვითმფრინავებმა ცეცხლი დაუშინეს სოფელ ალ-ამარნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ აიღო სირიის დემოკრატულ ძალებად წოდებულმა, ძირითადად ქურთთა, კავშირმა, რომელსაც აშშ-ის ავიაცია უმაგრებდა ზურგს. „სირიის დემოკრატულ ძალებში“ შემავალმა ჯარაბულუსის სამხედრო საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელზე თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. საბჭოს თანახმად, ეს არის სახიფათო დაძაბვა ვითარებისა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის. ეს სოფელი რვა კილომეტრშია ქალაქ ჯარაბულუსიდან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ წაართვა მეამბოხეთა არმიამ 25 აგვისტოს თურქეთის ავიაციის მხარდაჭერით. ერთი დღით ადრე თურქეთის ტანკები და ჯავშანმანქანები სირიაში შეიჭრნენ, რათა ისლამურ „სახელმწიფოს“ მებრძოლები საზღვრის რეგიონიდან განედევნათ და ქურთთა რაზმებისთვის არ მიეცათ არეალის დაკავების საშუალება. თურქეთმა გააფრთხილა ქურთთა სახალხო მხარდაჭერის კავშირი, რომ დაეტოვებინა ტერიტორია. თურქეთი ამ კავშირს უკანონო „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ნაწილად თვლის. პარტია ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

XS
SM
MD
LG