Accessibility links

logo-print

აშშ გმობს თურქეთის არმიის იერიშებს სირიელი ქურთების წინააღმდეგ


აშშ-ის სამხედრო უწყებამ 29 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „დაუშვებელი“ უწოდა შეტაკებას თურქეთის არმიასა და აშშ-ის მომხრე სირიელ ქურთებს შორის. ბრძოლები, რომელთა ინტენსივობა სულ უფრო მატულობს ჩრდილოეთ სირიაში, პენტაგონის თანახმად, მხოლოდ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წისქვილზე ასხამს წყალს და შესაძლებლობას აძლევს ექსტრემისტებს, ჰპოვონ თავშესაფარი და დაგეგმონ თავდასხმები თურქეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. სირიის ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის სახალხო ლაშქრის ყველა მებრძოლი, აშშ-ის აზრით, უნდა გადავიდეს ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე, რაც „დიდწილად მომხდარი ამბავია.“ პენტაგონის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კორესპონდენტებმა 29 აგვისტოს გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად თურქეთის სამხედრო ძალებმა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელ მეამბოხეთა ჯგუფმა, რომელიც სულთან მურადის სახელს ატარებს, ქალაქ მანბიჯთან შეუტიეს ქურთ ხალხთა დაცვის კავშირის სახალხო ლაშქარს. ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი მანბიჯი, აგვისტოს დასაწყისში გაათავისუფლა სირიელ ქურთთა ლაშარმა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის სამხედრო ავიაცია. სულთან მურადის სახელობის სამხედრო ჯგუფის მეთაურმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი მეომრები მიზნად ისახავენ მანბიჯის გაწმენდას ქურთი მებრძოლებისგან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 29 აგვისტოს მოუწოდა „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სირიელ ქურთთა სახალხო ლაშქრის მეომრებს, რომ სასწრაფოდ გადავიდნენ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის საზღვარზე მოქმედი თურქეთის არმია მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ სამხედრო იერიშს განახორციელებს.

XS
SM
MD
LG