Accessibility links

თვითმკვლელობამდე მიყვანილი მოქალაქის წერილში მოხსენიებულ პოლიციელს ბრალი წაუყენეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარედგინა. ”ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას“, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პოლიციელ თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად პოლიციის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

XS
SM
MD
LG