Accessibility links

კრემლი უარყოფს რუსეთის მონაწილეობას ამერიკის ორი შტატის საინტერნეტო საარჩევნო სისტემებში შეჭრაში


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო აშშ-ის მედიით გავრცელებული ცნობები, თითქოს რუს ჰაკერებს, შესაძლოა, ხელი ერიოთ ამერიკის ორი შტატის საინტერნეტო საარჩევნო სისტემებში შეჭრაში. როგორც პესკოვმა განაცხადა, ეს ცნობები „სრულიად უსაფუძვლოა“ და მოსკოვი საჭიროდ არ მიიჩნევს, მათ რაიმე ყურადღება მიაქციოს. მიმდინარე თვეში აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაადგინა, რომ ჰაკერები შეიჭრნენ, სულ ცოტა, ორი შტატის საინტერნეტო საარჩევნო სისტემებში. ბიურომ მოუწოდა ყველა შტატის შესაბამის საარჩევნო უწყებებს, ნოემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში გააძლიერონ საკომპიუტერო უსაფრთხოების სისტემები. გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერგანყოფილებამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ილინოისისა და არიზონის შტატებმა თავიანთ საკომპიუტერო სისტემებში ჰაკერების შეღწევის ამბავი გამოაცხადეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ჰაკერები, შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG