Accessibility links

უზბეკეთის ტელევიზიამ გამოაცხადა პრეზიდენტ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ


უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ, რითაც ბოლო მოეღო რამდენიმედღიან მითქმა-მოთქმას მის მდგომარეობაზე. ცნობა 78 წლის ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ დიქტორმა წაიკითხა 2 სექტემბრის საღამოს: „ძვირფასო თანამემამულენო, ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ისლამ აბდუღანიევიჩ ქარიმოვის, ყველა ჩვენგანისათვის ძვირფასი პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ“. ქარიმოვი, ყოფილი კომუნისტი ლიდერი, 27 წელი ედგა სათავეში უზბეკეთს და აქტიურად იყენებდა უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებს მოსახლეობაში უკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლინების ჩასახშობად. უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა გამოაცხადა აგრეთვე, რომ ქარიმოვს 3 სექტემბერს დაკრძალავენ მშობლიურ სამარყანდში. დაკრძალვის ორგანიზება პრემიერ-მინისტრ შავქათ მირზიაევს დაევალა. უზბეკეთის მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა ქარიმოვის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, რის შემდეგაც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა მის მდგომარეობაზე. ზოგმა წყარომ მალევე გაავრცელა ცნობა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

XS
SM
MD
LG