Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღებრიშვილი: პოლიციელების უმრავლესობა პატრიოტები და პროფესიონალები არიან


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტროს სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის პატრიოტები და პროფესიონალები არიან, რის გამოც, მღებრიშვილის აზრით, დაუშვებელია ერთეული შემთხვევების გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელთა კორპუსს. მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა 6 სექტემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც დაიწყო დემურ სტურუას გარდაცვალების გამო მწუხარების გამოთქმით. 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა 7 აგვისტოს და თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და შანტაჟი დაასახელა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მისი უწყება არავის დააფარებს ხელს. მღებრიშვილმა აღნიშნა ასევე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება და არ დაუშვებს დესტაბილიზაციის მცდელობას. „ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება“, - აღნიშნა მღებრიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზეც და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულთა უმეტესობას ცხელ კვალზე ხსნის.

XS
SM
MD
LG