Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთში


8 სექტემბერს თბილისის მერი დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმზე. პანელზე, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობას მიეძღვნა, დავით ნარმანიამ საქართველოში გატარებულ თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. თბილისის მერი თავის გამოსვლაში შეეხო მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებს და არსებულ გამოწვევებს. "მნიშვნელოვანია ის ახალი ფორმები, ის გამოცდილება, რაც ჩვენ თავის დროზე პოლონეთისგან გვაქვს მიღებული. გვყავდა სპეციალური მრჩეველი რეფორმის პროცესში, ახლა კი უკვე თვითმმართველობის სხვა ეტაპების გატარების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და, შესაბამისად, ის გამოცდილება, რაც აქ არსებობს, და საკითხები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ. პანელის მსვლელობისას მისმა მონაწილეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს პოლონეთის თვითმმართველობის რეფორმის მოდელზე და მასში გენდერული ბალანსის თუ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესთა დაცვის პრობლემატიკაზე ისაუბრეს. კრინიცა-ზდრუის ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა. მისი ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული "აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი". წელს კრინიცაში თავი მოიყარა ფორუმის 3 500-მდე მონაწილემ, რაც რეკორდული რაოდენობაა ფორუმის 26-წლიანი ისტორიის მანძილზე.

XS
SM
MD
LG