Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეროვნულ-დემოკრატები“ არჩევნებს გამოეთიშნენ, „მრეწველები“ ჯერ იბრძვიან


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო რეგისტრაციიდან ოფიციალურად მოხსნა ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”. ცესკოს თავმჯდომარის 11 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებები გვაუწყებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიზიარა კიდევ ერთი საარჩევნო სუბიექტის და, კერძოდ, ბლოკ ”თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლოს” ბედი. განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ „მრეწველები“ არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას სასამართლოს დახმარებით აპირებენ, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ არჩევნებს სრულიად შეგნებულად გამოეთიშნენ.

საარჩევნო ბლოკში „თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ სიბრაზესა და იმედგაცრუებას ვერ მალავენ. ბლოკის ლიდერები მომხდარს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, თუმცა გარეშე ძალის (საერთაშორისო ორგანიზაციების) სავარაუდო ჩარევასა და ზეწოლაზეც ლაპარაკობენ. ვიდრე ამ სადავო საკითხზე დასკვნით სიტყვას სასამართლო იტყვის, „მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, დარწმუნებით ამბობს, რომ ცესკოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ ჰქონდა:

„... იმიტომ, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტები თავის დროზე, რაზეც მოგვცეს საბუთი, რომ დოკუმენტი ჩაბარებულია. ჩვენ ჩავაბარეთ სია, თანმდევი კანონებით – მივაწოდეთ წერილი, სადაც წერია: გაბარებთ სიას, თანმდევი კანონებით... თუ სია არ იყო, მაშინ რა ჩავაბარეთ და რაზე მომცეს ეს საბუთი, რომ ჩაბარებულია?!“

გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკმა დროულად, ანუ 18 საათამდე, არ წარადგინა სია, ფორმალურად ეს გახლდათ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი...
ნინო რიჟამაძე

საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ გარკვეული სახის დოკუმენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მართლაც რომ წარადგინა, ამას ჩვენთან საუბრისას ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძეც ადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულმა საარჩევნო სუბიექტმა არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენაც აუცილებელია არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა:

„საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათები თანდართული დოკუმენტაციებით, როგორიც არის, მაგალითად, პირადობის მოწმობის ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუმცა მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი პარტიული სია. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო ბლოკისთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს და სწორედ ამიტომ ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საარჩევნო ბლოკს გაუუქმდა რეგისტრაცია“.

ამასთან, როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველას და, მათ შორის, რეგისტრაციაგაუქმებული საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებსაც აქვთ სრული უფლება მიმართონ სასამართლოს და

საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს ზუსტად იმის მიხედვით, რისკენაც მას სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს.

რაც შეეხება „ევროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, საარჩევნო მარათონიდან მისი გამოთიშვა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პარტია აქტიურად იბრძოდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისთვის და ასევე ვრცელდებოდა ვარაუდები „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ გაერთიანების თაობაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან და, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ძალასთანაც. როგორც 12 სექტემბერს ცესკოში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, „ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ“ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია და, მათ შორის, საარჩევნო სია. ეს ფაქტი რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს, თუმცა იყო განმარტება, რომ ეროვნულ–დემოკრატებმა შეგნებულად თქვეს უარი ცესკოში დოკუმენტაციის წარდგენაზე და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობაზე. მიზეზები არ დაკონკრეტებულა.

ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

ამ ეტაპზე ეჭვების საფუძველს ვერ ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი, იურისტი ნინო რიჟამაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოწმობს, რომ, მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა ”თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო“, უბრალოდ, დაიგვიანა:

„ჩვენ გვაქვს ფორმალური ფაქტი, როდესაც პოლიტიკურმა ძალამ კანონით დადგენილ ვადებში არ წარადგინა საარჩევნო პარტიული სია. კანონის თანახმად, ბლოკი ვალდებული იყო 8 სექტემბრამდე (ანუ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა ) წარედგინა პარტიული სია, ხოლო, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს 18 საათამდე, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რაც ასევე მითითებულია კანონში... გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკმა დროულად, ანუ 18 საათამდე, არ წარადგინა სია, ფორმალურად ეს გახლდათ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი“.

ნინო რიჟამაძის თქმით, თუკი საქმის განხილვა სასამართლოში გადაინაცვლებს, ბლოკის წარმომადგენლებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ მათ დროულად შეიტანეს საარჩევნო სია ცესკოში. ასევე, მისი თქმით, არასაკმარისი იქნება ზოგადი საუბრები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლის თაობაზე და ბლოკს მოუწევს საჭირო მტკიცებულებების წარმოდგენა ბრალდებასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG