Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გაიმართა საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია


დღეს ქუთაისში გაიმართა საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქუთაისში იწყება კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. ქუთაისის ახალი უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას და აღჭურვას 1 მილიარდი ევროთი აფინანსებს ფონდი „ქართუ.“ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში, 140 ჰექტარზე გაშენდება, საქართველოს უზრუნველყოფს ეკონომიკისგანვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელსაა დაგეგმილი. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ქუთაისში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება მთელ რეგიონში უპრეცედენტო, საგანმანათლებლო ცენტრი და ბაზა, რომელიც ახალი თაობის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს მოამზადებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტის მთავარი პროფილი იქნება ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები. „უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG