Accessibility links

logo-print

შს მინისტრმა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების ხელშეწყობისთვის ბრძანება გამოსცა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას. ბრძანების თანახმად, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას, არჩევნების დღეს უბნების მიმდებარედ პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას. შსს-ს განცხადებით, სპეციალური ბრძანების მიზანია საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს პოლიციელთა გადამზადებასაც, არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების საკითხებზე.

XS
SM
MD
LG