Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მალე დაიხურება შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ აღძრული საქმე


უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მალე დაიხურება გამოძიება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვისათვის წაყენებული ბრალდების საფუძველზე დაიწყო. უკრაინის მედია გენერალური პროკურორის პრესსამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ არ დასტურდება ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავაკოვის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ტელეკომპანია „24-ე არხთან“ საუბრისას განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მას არ დაუზუსტებია, რა ბრალდების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლებს ნება დართო, შეემოწმებინათ არსენ ავაკოვის სატელეფონო ზარები სამინისტროს მიერ ტაქტიკური ზურგჩანთების საეჭვო შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ შესყიდვას მინისტრის შვილის, ალექსანდრ ავაკოვის სახელს უკავშირებენ. არსენ ავაკოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. გასულ თვეში უკრაინის პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა ავაკოვის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ დადგენილების პროექტმა დამნაშავეობასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო.

XS
SM
MD
LG