Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა 25 ათლეტის კონფიდენციალური მონაცემები გამოქვეყნა


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) აცხადებს, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ელეგანტური დათვების (Fancy Bears) სახელით არის ცნობილი, ახალი კონფიდენციალური მონაცემები გამოაქვეყნა ათობით სპორტსმენზე, რომელთა დოპინგზე შემოწმებამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. ჰაკერებმა შეძლეს შეეღწიათ ანტისადოპინგო სააგენტოს კონფიდენციალური მონაცემთა ბაზაში, სადაც თავმოყრილია იმ სპორტსმენთა მონაცემები, რომლებიც„თერაპიული მიზნით იყენებენ“ სხვა შემთხვევაში აკრძალულ საშუალებებს. ათლეტთა ოცდახუთკაციან სიაში ათი სპორტსმენი აღმოჩნდა აშშ-იდან, ხუთ-ხუთი გერმანიიდან და ბრიტანეთიდან, თითო-თითო ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, პოლონეთისა და რუსეთის წარმომადგენელია. სიაში მყოფთაგან 14 რიოს ზაფხულის ოლიმპიადის მედალოსანია. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით რუსი ბოქსიორი მიშა ალოიანია ის რუსი სპორტსმენი, ვისი სახელიც ამ სიაშია. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო არ ამჟღავნებს დანარჩენი სპორტსმენების ვინაობას. რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შემოწმების შედეგად სპორტსმენების სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოჩნდა. ჰაკერებს ამ მონაცემების გამოქვეყნებით სურთ აჩვენონ, რომ სააგენტოს მიერ ნებადართული თერაპიული საშუალებები რუსი სპორტსმენების მიერ გამოყენებული დოპინგის მსგავსია. მსოფლიო ანტისადოპინგო კი სააგენტო დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ჰაკერული თავდასხმა წარმოადგენს შურისძიებას, სააგენტო გამომძიებლების მიერ რუსეთში ფეხმოკიდებული და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სადოპინგო სისტემის გამოაშკარავებისათვის.

XS
SM
MD
LG