Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ბრატისლავაში შეიკრიბნენ გაერთიანების მომავლის გადასაწყვეტად


ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სლოვაკეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, რათა დასახონ ახალი ხედვა ამ გაერთიანების მომავლისათვის. შეხვედრაზე უნდა შექმნან საგზაო რუკა, რომელსაც მომავალი წლის მარტის სამიტზე დაამტკიცებენ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამიტზე ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერთიანება „კრიტიკულ ვითარებაშია“. სამიტის მასპინძელმა, სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიკომ კი თქვა, რომ ყველა ლიდერს სურს ერთიანობის ჩვენება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ევროკავშირის ლიდერებს შორის ღრმა განხეთქილებაა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით. სამიტის ფონია ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დატოვოს ევროკავშირი. ლიდერები განიხილავენ უფრო მჭიდრო თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხებს, ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და ევროკავშირის საინვესტიციო ფონდის გაზრდას - რამაც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების წარმოქმნას უნდა შეუწყოს ხელი. ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სამიტის წინ განაცხადა, რომ ლიდერებმა უნდა შეძლონ ვითარების „ფხიზელი და სასტიკად გულწრფელი შეფასება“.

XS
SM
MD
LG