Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ კობერიძე


19 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კობერიძე, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" (N27) გამგეობის წევრი. თამარ კობერიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ აქცენტს აკეთებენ ეფექტიან მმართველობაზე, რაც გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა დარგებს, სხვადასხვა სფეროს უწყებებს შორის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამის ყველა ნაწილში არის განათლების კომპონენტი. თამარ კობერიძემ განაცხადა: „ჩვენი პროგრამა არ წარმოადგენს წინასაარჩევნო დაპირებას. რეალურად გეგმაა იმისა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ კონკრეტული მიმართულებები და დარგები. შესაბამისად, რომ ვამბობთ - პენსია იქნება 300 ლარი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვალთ და 9 ოქტომბერს პენსია გახდენა 300 ლარი. ეს არის მრავალი ჭკვიანი ადამიანის შრომის შედეგად მიღებული რიცხვი და ნიშნავს იმას, რომ შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვის, ეფექტური მმართველობის შედეგად გახდება ეს შესაძლებელი“. „დილის საუბრების“ სტუმარმა ხაზი გაუსვა დაგროვებითი პენსიის სისტემის შემოღების მნიშვნელობას. განმარტა, რომ შესაძლებელია, ამ ეტაპზე არ იყოს პოპულარული თემა, თუმცა, პარტია მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებაზე არ ფიქრობს, არამედ ფიქრობს სისტემურ რეფორმაზე. განათლების რეფორმის საჭიროებაზე საუბრისას თამარ კობერიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები ცალსახად იყო ანტიკორუფციული ღონისძიება, თუმცა, ამით არაფერი შემატებია განათლების ხარისხს. „თავისუფალი დემოკრატები“ თვლიან, რომ მასწავლებლის სტატუსი უნდა გაუთანაბრდეს საჯარო მოხელისას, აგრეთვე აპირებენ უმაღლეს სასწავლებლებში წაახალისონ პედაგოგიკის მაგისტრატურის კურსი. ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ უმთავრეს ფაქტორად თამარ კობერიძე ასახელებს სტაბილურობას: „ხშირად გვეკითხებიან ხოლმე - აი, რას გაძლევს ნატო? როცა ქვეყანა არის ნატოს წევრი, პოტენციურად ნაკლები შანსია, რომ ის ჩაერთოს რაიმე საომარ მოქმედებაში. ჩემთვის პირადად, ნატოს წევრობა პირველ რიგში არის ეკონომიკური სტაბილურობა. არც ერთი მსხვილი ინვესტორი არ ჩადებს აქ ფულს, თუ იცის, რომ შეიძლება ხვალ ქვეყანაში რაღაც მოხდეს, - ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მეორე - ჩვენი გეოპოლიტიკიდან თუ ლანდშაფტიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს ინვესტირების მსურველთა ნაკლებობა. რამდენიმე შემთხვევა ვიცით, როცა კონკრეტული ინვესტორი მოვიდა და მოლაპარაკებას ვერ გაცდა, რადგან არაეფექტურად მუშაობს სახელმწიფო“. თამარ კობერიძე აღნიშნავს, რომ დღეს უცნობია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რაც შესასწავლია და ამის გაკეთება შესაძლებელია საბიუჯეტო ხარჯების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. „თავისუფალი დემოკრატები“ ემხრობიან ურბანულ განვითარებას, რომლის პირობებშიც ქვეყანაში მრავალი ცენტრის შექმნაა საჭირო, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ საჭიროება შორ მანძილზე გაეშურონ ამა თუ იმ საჭიროებისთვის, არამედ ახლომდებარე ურბანულ ცენტრს მიმართონ. აქვე თამარ კობერიძე ლაპარაკობს „რეალურ დეცენტრალიზაციაზე“, რომ საჭიროა პროცესის დაწყება, შეცდომების შიშის მიუხედავად, რადგან სხვაგვარად - დეცენტრალიზაციისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე რეგიონები ვერ განვითარდება. „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს უჭერენ გენდერული კვოტირების იდეას. „დილის საუბრების“ სტუმარმა აღნიშნა, რომ, მართალია პარლამენტში ვერ მიიღო ამ იდეამ მხარდაჭერა, თუმცა, პარტია იცავს პრინციპს და სიის ყოველ ათეულში სამი ქალი კანდიდატია. საუბრის დასასრულს თამარ კობერიძე კვლავ საგარეო პოლიტიკის საკითხს შეეხო და ხაზი გაუსვა ზომიერების მნიშვნელობას: „აუცილებლად გახდება საქართველო ნატოს წევრი. ვფიქრობ, რომ სუბიექტები, რომლებიც ან სკეპტიციზმს ავრცელებენ საზოგადოებაში, ან მეორე მხრივ („ნაციონალურ მოძრაობს“ ვგულისხმობ) ისტერიულ ფონს ქმნის ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, ეს მხოლოდ აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ლოგიკური, თანმიმდევრული პროცესი, რომელსაც უნდა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ისტერია ამ თემის ირგვლივ არ მოგვიტანს კარგს არც საზოგადოების განვითარების და არც ინტეგრაციის კუთხით“.

თამარ კობერიძე "დილის საუბრები"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:25 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG